თბილისის მერი პარლამენტის დროებით კომისიას ჩვენებას აძლევს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Nov.'08 / 18:37

თბილისის მერმა და სააკაშვილის ადმინისტრაციის გავლენიანმა პირმა გიგი უგულავამ დღეს აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიას ჩვენება მისცა.

ქვემოთ მოცემულია გიგი უგულავას ჩვენების ძირითადი პუნქტები:

  • მე მივიღე ინფორმაცია, რომ სიტუაცია ძალიან იძაბებოდა 6 აგვისტოს; იმ დროს მე არ ვიყავი თბილისში და იმავე დღეს, საღამოს დავბრუნდი;
  • [7 აგვისტოს] ღამის 3 საათზე პრეზიდენტ სააკაშვილს შევხვდი; შემდეგ ისევ შევხვდით 7 აგვისტოს 13:00 საათზე და შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სხვა მაღალჩინოსნებიც, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ინფორმაცია მოგვაწოდა სამხრეთ ოსეთში არსებულ სიტუაციაზე, კერძოდ რუსული ძალების გადაადგილებაზე როკის გვირაბში. თუმცა, იმ დროს რთული იყო იმის განსაზღვრა იყო თუ არა ეს რუსული რეგულარული ჯარი;
  • იმავე დღეს მე მონაწილეობა მივიღე შეხვედრაში, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ დავით ტყეშელაშვილი [ სახელმწიფო მინისტრი რეგიონალურ საკითხებში] და გუბერნატორები;
  • ამ შეხვედრის შემდეგ მე გავემგზავრე გორში; ამ დროს სიტუაცია უკვე უკიდურესად დაძაბული იყო; ეს ის დროა, როდესაც პრეზიდენტმა ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება. უგულავას თქმით, პრეზიდენტმა დაავალა მას გორში გამგზავრება, რადგანაც თბილისის მუნიციპალიტეტმა იქ გააგზავნა სასწრაფო და სახანძრო მანქანები;
  • 7 აგვისტოს საღამოს რუსეთის ღია ინტერვენციის ყველა ნიშნები გაჩნდა;
  • ქართული სოფლები იყო გაწმენდის საფრთხის ქვეშ; მაშინ შეუძლებელი იყო ინტერვენციის მასშტაბების პროგნოზირება; თუმცა შეიარაღება და მძიმე ტექნიკა, რომელიც სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან შედიოდა მიანიშნებდა, რომ იგეგმებოდა ქართული სოფლების გაწმენდა;
  • ამის შემდეგ 23:30 საათზე პრეზიდენტისგან მიიღო თავდაცვის სამინისტრომ და გენშტაბმა ბრაძანება სამი ამოცანის შესრულების თაობაზე: შეეჩერებინა რუსული ძალები, ჩაგვეხშო საცეცხლე წერტილები და მაქსიმალურად აგვეცილებინა სამოქალაქო მსხვერპლი;
  • იმ áƒžáƒ”რიოდში ფართოდ ვრცელდებოდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ უგულავა სამხედრო საკითხებში ერეოდა აძლევდა რა სამხედრო პირებს ბრძანებებს. უგულავამ ეს უარყო და განაცხადა: მე სამხედრო შტაბში ვარ ერთხელ, ისიც 5 წუთით ნამყოფი; ეს შტაბი გორში არ მდებარეობდა, ის გორის მახლობლად იყო განთავსებული;
  • 9 აგვისტოს, როცა საომარი მოქმედებები არის პიკში, ჩემთან მოვიდა დიმიტრი სანაკოევი [სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი], რომელმაც ასეთი ინიციატივით მოგვმართა, რომ მას დაუკავშირდა ბევრი ადამიანი - ქართველებიც და ოსებიც და საჭირო იყო გარკვეული კორიდორის შექმნა მათთვის. მან ეს გვითხრა მე და მერაბიშვილს და პრეზიდენტს მივაწოდეთ ამაზე ინფორმაცია. პრეზიდენტმა კონსულტაციების გავლის შემდეგ ცალკე გოგავას [მაშინდელ შტაბის უფროსს] დაავალა შესაბამისი ღონისძიებების მიღება და ცალკე გადმორეკა ჩემს ტელეფონზე და მითხრა, რომ გამეკეთებინა განცხადება. 15-დან 17 თუ 18 საათამდე ჰუმანიტარული კორიდორის გაკეთება პრეზიდენტმა გადაწყვიტა; ეს არ იყო ცეცხლის სრულად შეწყვეტა - დაბალი ინტენსივობის ცეცხლი მაინც იხსნებოდა, თუმცა ძლიერი სროლები აღარ იყო, რამაც საშუალება მისცა ხალხს გამოსულიყვნენ [ტერიტორიიდან];
  • უგულავამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ თავი შეიკავა მოეწოდებინა ხალხისთვის დაეტოვებინათ თბილისი, რათა თავიდან აეცილებინათ პანიკა დედაქალაქში, რასაც შესაძლოა მეტი პრობლემები გამოეწვია;
  • თბილისის თავზე 50 საფრენი აპარატი დაფრინავდა - რაც საფრთხეს წარმოადგენდა თბილისის მოსახლეობისთვის; საჰაერო იერიში თბილისზეც განხორციელდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი [რუსული ძალები] მაქსიმალურად ცდილობდნენ თბილისში სამოქალაქო ობიექტებისთვის არ დაერტყათ. უგულავამ ასევე განაცხადა, რომ მეტროსადგურები მზად იყო თბილისის მოსახლეობის შესაფარებლად საჭიროების შემთხვევაში;
  • პრეზიდენტის დავალებით საომარი მოქმედებების დროს ვიმყოფებოდი გორში და იქ სამოქალაქო შტაბს კოორდინაციას ვუწევდი. თბილისში მას შემდეგ დავბრუნდი, რაც ქართულმა ჯარმა ორგანიზებულად დაიხია უკან. ამის შემდეგ გადავერთვე დევნილთა საკითხების მოგვარებაზე - პირველი დარტყმა ლტოლვილების ნაკადის მიიღო თბილისის მერიამ;
  • თბილისში პანიკის ნიშნები შეიმჩნეოდა, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი პანიკა არ ყოფილა; ჩვენ მითითება მივეცით მერიის თანამშრომლებს გამოსულიყვნენ ქუჩებში და ეთქვათ ხალხისთვის, რომ პანიკის მიზეზი არ არსებობდა.

 

Civil.Ge © 2001-2024