იაკობაშვილი საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილ მედია კამპანიაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Nov.'08 / 18:45

საქართველოს წინააღმდეგ მედია-კამპანიის საწარმოებლად რუსეთმა ”ძალიან დიდი ფული” გამოყო და მისმა უშიშროების სამსახურებმა ამ მიზნით ”დაშინება-შანტაჟის” მექანიზმები აამუშავეს, განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა.

მან დღეს პრესკონფერენცია ბოლო დროს უცხოურ მედიაში გააქტიურებული ”ანტიქართული პროპაგანდის” საპასუხოდ მოიწვია.

”ასეთი ”მარგალიტები” მრავლად ხვდება დასავლეთის პრესაში,”- განაცხადა იაკობაშვილმა, ”ჩვენ ვერავის ვერ დავაბრალებთ პირდაპირ, რომ ფული აიღო ან რუსეთის აგენტია, ასეთი განსჯის უფლება ალბათ მკითხველს უფრო აქვს, ვიდრე ხელისუფლებას, მაგრამ მიგითითებთ და მოგიწოდებთ ყველას გადაამოწმოთ ის ინფორმაციები, რომლებიც ვრცელდება, მიმართოთ ეუთოს ადგილობრივ ოფისს და სათავო ოფისს და გაარკვიოთ ამ ინფორმაციის წყაროების წარმომავლობის სანდოობა”. 

” ალბათ, მოვიდა დრო, რომ ღიად ვთქვათ, რომ ეს არის ალბათ დაგეგმილი მედია კამპანიის ნაწილი,”- დასძინა მან.

New York Times-ში გასულ კვირას გამოქვეყნდა სტატია, სადაც ეუთოს სამხედრო დამკვირვებლებზე დაყრდნობით ეწერა, რომ ქართული სოფლები არ იბომბებოდა 7 აგვისტოს საღამოს, ვიდრე ქართული ძალები დაბომბავდნენ ცხინვალს, რამაც ოფიციალური თბილისის ვერსია ეჭვქვეშ დააყენა. ეუთოს მისიამ საქართველოში 9 ნოემბერს გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში აღნიშნა, რომ ”ის არ გააკეთებს კომენტარს მისი ყოფილი წევრების პერსონალურ განცხადებებზე” - გულისხმობდა რა ეუთოს იმ ყოფილ დამკვირვებლებს, რომელთა ინფორმაციასაც დაეყრდნო New York Times. 

ამის გარდა 11 ნოემბერს, International Herald Tribun-ში (ეს გაზეთი New York Times-ის კომპანიის ნაწილია) გამოქვეყნდა სარედაქციო სტატია სადაც ნათქვამია: “ეუთოს დამკვირვებლებში ეჭვის შეტანის მიზეზი არ არსებობს. გარდაუვალი დასვნაა ის, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი და შემდეგ იცრუა ამის შესახებ. შესაძლოა კრემლმაც შეიტანა თავისი წვლილი საქართველოს პროვოცირებაში - და მისი რეაქცია საქართველოს [ცხინვალზე] თავდასხმებზე წინასწარგანხრახულად მწვავე იყო - მაგრამ ეს არ ამართლებს სააკაშვილს, რომელმაც უფლება მისცა საკუთარ თავს პროვოცირებული ყოფილიყო”. 

აღსანიშნავია, რომ 10 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში გადაწყდა სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც საქართველოს მიმართ, როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, ”ცილისმწამებლურ” პუბლიკაციებს პასუხს გასცემს.

Civil.Ge © 2001-2024