ჟენევის მოლაპარაკებებს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Nov.'08 / 17:00

აფხაზეთის დელეგაციას 18 ნოემბერს ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ გვინჯია უხელმძღვანელებს.

სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ჟენევაში 15 ოქტომბერს იმყოფებოდა, სადაც მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უნდა გამართულიყო. 14 ნოემბერს მან ”აფსნიპრესს” განუცხადა, რომ აფხაზურ დელეგაციას მისი მოადგილე უხელმძღვანელებს, რადგანაც ქართული მხარე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს აგზავნის მოლაპარაკებებზე. 15 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა.

აფხაზეთის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შევლენ აფხაზეთის ლიდერის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ვიაჩესლავ ჩირიკბა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გერმანიაში, ზერი კაპბა, იტყობინება ”აფსნიპრესი”.     

Civil.Ge © 2001-2024