სარკოზი: რუსეთმა ”მნიშვნელოვანწილად შეასრულა” შეთანხმება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Nov.'08 / 17:54

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ 14 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა ”მნიშვნელოვანწილად შეასრულა” ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ რამოდენიმე ადგილიდან რუსეთს ჯერ კიდევ გასაყვანი ჰყავს თავისი ძალები, იტყობინება AFP.

”მე მქონდა შესაძლებლობა მეთქვა ბატონი მედვედევისთვის, რომ საჭიროა პროგრესის მიღწევა რუსული ძალების გაყვანასთან დაკავშირებით ოსეთის ორ კონკრეტულ ნაწილში, მე ვგულისხმობ ახალგორს და პერევს, სამხრეთ ოსეთის გარეთ,” - იტყობინება AFP სარკოზის სიტყვებზე დაყრდნობით.

მან ეს განცხადება სამიტის შემდეგ თავის რუს კოლეგასთან დიმიტრი მედვედევთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

დიმიტრი მედვედევმა ნიცაში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი ”სრულიად ცნობს” საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის გარეშე, რომლებიც მოსკოვმა უკვე აღიარა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები.

”ვფიქრობ, რომ მედვედევი-სარკოზის გეგმა შესაბამისი სახით, როგორც იურისტები ამბობენ, შესრულებულია, რისთვისაც მე მინდა ცალკე გადავუხადო მადლობა ჩვენს ევროპელ კოლეგებს”- განაცხადა მან. 

მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა ”კონსტრუქციულად” განიხილოს ყველა საკითხი, რომელიც კავკასიაში პრობლემების მოგვარებას უკავშირდება. ”ჩვენ ამას გავაკეთებთ, მზად ვართ ეს განვიხილოთ პირდაპირ, ყველა შესაძლო შეხვედრის დროს, თვალი-თვალში გასწორებით,”- განაცხადა მან. 

იმავდროულად, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა სამიტის შემდეგ, რომ ევროკავშირი განაახლებს პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებებს რუსეთთან, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ შეჩერებული იყო.

იმავდროულად, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ დევიდ მერკელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა გააფრთხილა ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები რუსეთთან მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით, მოსკოვის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ჭრილში.   

მოლაპარაკებების დაწყება მანამ, ”სანამ ეს ვალდებულებები არ შესრულება, არასწორად იქნება გაგებული მოსკოვის მიერ, რომელსაც დარჩება შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირი ბევრად უფრო აფასებს თავის ურთიერთობებს რუსეთთან, ვიდრე მოსკოვი ევროკავშირთან,” - იტყობინება Associated Press-ი დევიდ მერკელის სიტყვებზე დაყრდნობით.

პარტნიორობის შესახებ ევროკავშირი-რუსეთის მოლაპარაკებებისა და საქართველოს საკითხები ერთმანეთს 1 სექტემბერს დაუკავშირდა, როდესაც ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება: ”სანამ ჯარები არ გავლენ 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე, მოლაპარაკებები [რუსეთთან] პარტნიორობის შეთანხმების თაობაზე გადაიდება”.

მას შემდეგ რუსეთმა გაიყვანა თავისი ძალები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან, თუმცა მისი შენაერთები კვლავ რჩება ორი სეპარატისტული რეგიონის შიგნით და ასევე იმ რაიონებში, სადაც აგვისტოს ომამდე რუსული ძალები არ ყოფილან. ეს ტერიტორიებია კოდორის ხეობა, ახალგორის რაიონი áƒ“ა პერევი.

ახალგორი ადმინისტრაციულად სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის შიგნით არის, თუმცა აგვისტოს ომამდე ის თბილისის კონტროლს ექვემდებარებოდა.

სოფელი პერევი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის დასავლეთით მდებარეობს. ამჟამად, ადმინისტრაციულად ეს სოფელი საჩხერის რაიონში შედის; თუმცა, რუსულმა ძალებმა ე.წ. ბუფერული ზონებიდან გასვლისას უარი თქვეს იქ თავიანთი საგუშაგოს მოხსნაზე იმ მოტივით, რომ თითქოს სოფელი სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის შემადგენელი ნაწილი იყო.

 

 

Civil.Ge © 2001-2024