საქართველოს დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Nov.'08 / 12:35

საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით ჟენევაში გაემგზავრა, სადაც 18-19 ნოემბერს საქართველოს კონფლიქტურის რეგიონების უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართება. 

”ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დავიწყოთ საუბარი იმ ყველაზე მწვავე პრობლემებზე, რომლის გადაჭრის გარეშეც შეუძლებელი იქნება როგორც დევნილების დაბრუნება, ისე პოლიტიკური დიალოგის გამართვა ამ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისთვის,”- განუცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებს გამგზავრების წინ, ”ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ დეოკუპაციის შემთხვევაში, მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების შემთხვევაში და მხოლოდ რეალური სამშვიდობო ძალებით საოკუპაციო ჯარების ჩანაცვლების შემთხვევაში”.

საქართველოს დელეგაციის ფარგლებში ჟენევაში ასევე გაემგზავრნენ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია.

აქიშბაიას განცხადებით, ყურადღება გამახვილდება გალის რაიონში ადამიანი უფლებათა დარღვევის ფაქტებზე და ასევე კოდორის ხეობაში შექმნილ ვითარებაზე, კერძოდ, ”იქ მყოფი საოკუპაციო ჯარების გაყვანის პროცესის დაწყებაზე, რაც ხელს შეუწყობს დევნილების რეალურ დაბრუნებას”.

სანაკოევის განცხადებით, ჟენევაში განიხილება ევროკავშირის დამკვირვებელთა შემდგომი მუშაობის საკითხები.

”ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხვალ და ზეგ დავსხდებით და კონკრეტულად ვისაუბრებთ  იმ საკითხებზე,  რომელიც ეხება  ამ რეგიონების უსაფრთხოებას,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს, ”ჩვენ უკვე ვიცით რუსეთმა შესთავაზა  ევროკავშირს  ახალი წინადადებები უსაფრთხოების შესახებ და ალბათ ამ წინადადებების ფარგლებში ვიმუშავებთ”.

მოსკოვი ჟენევაში კონკრეტულ წინადადებებს ჩაიტანს, განაცხადა ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, რომელიც ჟენევაში რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს.

პირველი შეხვედრა ჟენევაში 15 ოქტომბერს გაიმართა, თუმცა ის ფაქტიურად ჩაიშალა პროცედურული გაუგებრობების გამო, რომელიც უკავშირდებოდა სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლების მოთხოვნას სრულუფლებიანი მონაწილის სტატუსით მიეღოთ მონაწილეობა მოლაპარაკებებში. მათი სტატუსი არც 18 ნოემბრის შეხვედრის წინ არის ნათელი. 

სოხუმმა განაცხადა, რომ ის ჟენევაში დელეგაციას დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მაქსიმ გვინჯიას ხელმძღვანელობით გააგზავნის. 

ჟენევის პროცესის ორგანიზატორები არიან გაერო, ევროკავშირი და ეუთო, ხოლო მოლაპარაკებებში სრულუფლებიანი დელეგაციების სტატუსით მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ. თბილისი თანახმაა სეპარატისტების წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფების ფორმატში, მათ შორის დევნილთა დაბრუნების საკითხებზე მიძღვნილ შეხვედრებში მიიღონ მონაწილეობა.

Civil.Ge © 2001-2024