იანვრიდან კიდევ ერთი ახალი სამინისტრო შეიქმნება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Nov.'08 / 12:22

2009 წლის 1 იანვრიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში ახალი - საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეიქმნება, ნათქვამია პარლამენტში განსახილველად წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაში.

ახალი სამინისტრო რეგიონალური მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბაზაზე შეიქმნება და ის ასევე გააერთიანებს ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას  და  გზების დეპარტამენტს, რომლებიც ამჟამად ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებია.

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა საგზაო დეპარტამენტის მუშაობა გააკრიტიკა. მისი თქმით, გზების მშენებლობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა.

მომავალი წლიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში კიდევ ერთი ახალი სამინისტრო დაიწყებს ფუნქციონირებას.  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იმ სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნება, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის გაერთიანებას უკავშირდება.

Civil.Ge © 2001-2024