სააკაშვილი პიროვნული ფაქტორებისაგან თავისუფალი ინსტიტუტების საჭიროებაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Nov.'08 / 16:22

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ  პრეზიდენტობის საბოლოო ვადაში მისი უმთავრესი მიზანი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, არის ”სუბიექტური ფაქტორებისაგან” თავისუფალი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა.

”ეს არის ჩემი ბოლო, მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ სიკვდილს მე არ ვაპირებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმას მაინც ვფიქრობ რა უნდა დავტოვოთ მე და ჩემმა მეგობრებმა ქვეყნისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი,”- განაცხადა მან, ”ჩვენ დავსვამთ კითხვას, რომ არის თუ არა დღევანდელი  სისტემა მორგებული იმაზე, რომ სხვა საარჩევნო დისპოზიციის პირობებში, ან სხვა ხალხის მოსვლის პირობებში ან ჩვენი ზოგიერთი წევრის გუნება-განწყობილების ან რაიმე სხვა  პოლიტიკური მოტივაციის პირობებში არ მოხდება სასამართლო სისტემის და სხვა ინსტიტუტების ბოროტად გამოყენება და ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ, ამაზე უარყოფითი პასუხის გაცემა არ შემიძლია”.

პრეზიდენტმა აღიარა, რომ საქართველოში არსებული ინსტიტუტები ”ზედმეტად დაუცველია სუბიექტური ფაქტორებისაგან”. 

”პიროვნების როლი მთლიანად არასდროს არ იქნება გამორიცხული, მაგრამ დაუცველობის განცდა პიროვნებების თვითნებობის წინააღმდეგ უნდა შექმნან ინსტიტუტებმა და ეს საქართველოში ბოლომდე ჯერ არ არის ჩამოყალიბებული,”- განაცხადა მან.

სააკაშვილმა ეს განცხადებები მოსამართლეებთან და იუსტიციის საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა, სადაც მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არასოდეს ჩარეულა სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში. პრეზიდენტის გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

”დამეთანხმებით და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნამდვილად დამიმოწმებს ამას, რომ განსხვავებით ყველა წინამორბედი მთავრობებისგან, მე არცერთ კონკრეტულ საქმეზე არასოდეს მისთვის არაფერი არ მითქვამს და ამას მე მკაცრად ვთხოვ ჩემს ქვემოთ მყოფ თანამდებობის პირებს,”- განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ”ყველა გამოკითხვებით” სასამართლოსადმი ნდობა იზრდება,  ”თუმცა ძალიან შორს არის თუნდაც პოლიციის მიმართ ნდობისაგან”. 

მისი თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმირების კუთხით სამი მიმართულებით იდგმება ნაბიჯები. áƒ™áƒ”რძოდ,  
იანვრიდან  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე მხოლოდ თბილისში ამოქმედდება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რაც  პრეზიდენტის თქმით, არის ”ძალიან მნიშვნელოვანი  წინგადადგმული ნაბიჯი”.

”ეს ინსტიტუტი სათანადო პროპაგანდის და საგანმანათლებლო მუშაობის პირობებში საქართველოში იმუშავებს,”- განაცხადა მან, ”ჩვენი საზოგადოება არის მაღალი სიმწიფის, ობიექტურობის და სწორი რეაგირების საზოგადოება სწორი რეაგირების სათანადო პირობების მიცემის შემთხვევაში”. 

მისი თქმით, მეორე ნაბიჯია იუსტიციის საბჭოს რეფორმირება, მათ შორის ამ საბჭოზე პრეზიდენტის გავლენის შესუსტების და ოპოზიციის შეყვანის გზით. იუსტიციის საბჭოში საპარლამენტო უმცირესობიდან ერთი დეპუტატი, ხოლო უმრავლესობიდან ორი პარლამენტარია შესული.

და მესამე ნაბიჯი, პრეზიდენტის განცხადებით, იქნება მოსამართლეთა უვადო დანიშვნა და მათთვის მომავალი წლიდან ხელფასების 200 ლარით მატება.

”ეს სამი ნაბიჯი ემსახურება ერთ რამეს, რომ საბოლოო ადრესატი ჩვენი მოქმედების, საბოლოო საზომი ყველა ჩვენი წარმატების და წარუმატებლობის - ქართული საზოგადოება თავს გრძნობდეს დაცულად და გრძნობდეს, რომ არის სამართალი ამ ქვეყანაზე,”- განაცხადა მან.

Civil.Ge © 2001-2024