ნოღაიდელმა ოპოზიციური პარტია შექმნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Dec.'08 / 18:53

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელმაც აგვისტოს ომის შემდეგ ღიად გააკრიტიკა ხელისუფლება, დღეს ახალი ოპოზიციური პარტიის -  ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება.

პარტიის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები არიან ზურაბ ნოღაიდელი, დეპუტატი პეტრე მამრაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა; ყოფილი დეპუტატები შოთა გვენეტაძე და ედუარდ სურმანიძე, ასევე ლევან როინიშვილი და კობა აბულაძე. ახალი პარტიის დამფუძნებელი ყრილობა გაზაფხულზე იგეგმება.

ზურაბ ნოღაიდელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე,  ხელისუფლება არ აპირებს ძალაუფლების დათმობას ვადის გასვლის შემდეგაც კი.

ახალი პარტია აცხადებს, რომ მისი ამბიციაა თავიდან იქნეს აცილებული ხელისუფლების ”არასწორი მართვით” გამოწვეული ”გარდაუვალი” პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი.

”ამ არასწორი მართვის შედეგია ის, რომ აგვისტოში საქართველოს ხელისუფლება მარტივ და უხეშ პროვოკაციას წამოეგო და დღეს ჩვენი ერი იმკის ამ შეცდომის, პირდაპირ რომ ვთქვათ, ამ ავანტიურის, ტრაგიკულ შედეგებს,”- ნათქვამია ახლადდაფუძნებული პარტიის პრესრელიზში.

პარტია აცხადებს, რომ მისი მიზანია აფხაზებთან და ოსებთან შერიგება და დიალოგის დაწყება რუსეთთან, ”რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს დღეს, ვინაიდან ეს აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისათვის”.

დღესვე ახალი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე მამრაძემ განაცხადა, რომ ზურაბ ნოღაიდელი ისევ მთავრობაში რომ ყოფილიყო ”დიდი ალბათობით” აგვისტოს ომი თავიდან იქნებოდა აცილებული, ”იმიტომ რომ პრეზიდენტის გვერდით იქნებოდა ადამიანი, ვინც ძალიან მტკიცედ იტყოდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება”.

ზურაბ ნოღაიდელი პრემიერის პოსტიდან შარშან 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ წავიდა. შემდეგ იგი ცნობილი ფეხბურთელის კახა კალაძის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში, თუმცა მან აგვისტოს ომის შემდეგ ისევ პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები ნოღაიდელის ამ ნაბიჯს სკეპტიკურად აფასებენ.

”შესაძლოა ის აღმოჩნდა არა ისეთი წარმატებული ბიზნესმენი, როგორც პრემიერ-მინისტრი და ამ წარუმატებლობამ მას უბიძგა ოპოზიციურ პოლიტიკაში, თუმცა ეჭვი მაქვს, რომ აქაც მას წარმატების დიდი შანსი არ ექნება,”- განუცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გივი თარგამაძემ ”რუსთავი 2”-ს. 

Civil.Ge © 2001-2024