მთავრობაში საკადრო ცვლილებების შედეგად თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს მისი მოადგილე ბათუ ქუთელია შეცვლის, რომელსაც მინისტრის ”მოვალეობის შესრულება” დაევალა; ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკა ტყეშელაშვილის ნაცვლად მისი ყოფილი მოადგილე და ამჟამინდელი კულტურის მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ჩაუდგება სათავეში, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა. ამას გარდა, მისი თქმით, გია ნოდიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე ნიკა გვარამია, ყოფილი იუსტიციის მინისტრი შეცვლის, რომელმაც ეს პოსტი 1 ნოემბერს განხორციელებული სამთავრობო ცვლილების დროს დაკარგა. მგალობლიშვილის განცხადებით, მან კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრის თანამდებობა შესთავაზა რუსეთში საქართველოს ყოფილ ელჩს ზურაბ აბაშიძეს, რომელიც, პრემიერის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ერთი დღის ვადაში მიიღებს. ”ირაკლი ალასანიამ ასე თუ ისე უნდა დატოვოს თანამდებობა, იმიტომ, რომ ეს შეეხება ყველა ელჩებს,”- განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს, ”არავითარი კადრების დაწიოკება არ იქნება, მაგრამ ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ ყველა კანდიდატურას განსაკუთრებით იმ ჭრილში, თუ როგორ გამოიჩინა ან პირიქით, არ გამოიჩინა ამ ხალხმა თავი ომის პირობებში. მე სამინისტროში ვიყავი, ყველაფერი ვიცი”. მისი თქმით, მან ახალი მინისტრების კანდიდატურები შეათანხმა პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. მგალობლიშვილმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს, რომელმაც ”ძალიან რთულ პერიოდში მნიშვნელოვან გამოწვევებს გაართვა თავი”, თუმცა ”ახლა არის დრო, რათა მოხდეს ახალი ენერგიით ამ მიმართულებებზე მუშაობა”. ”მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ეკა ტყეშელაშვილს და ქართველ დიპლომატებს, რომლებმაც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს დროს ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებსა და სირთულეებს გაუძლეს და ძალიან წარმატებით საქმიანობდნენ,”- აღნიშნა მგალობლიშვილმა. მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს პარლამენტის თანხმობა არ დასჭირდება, რადგან ამისთვის მინისტრთა კაბინეტის 1/3-ით შეცვლაა საჭირო.
|
|||
Civil.Ge © 2001-2025