ალასანია პოლიტიკური გეგმებით გადადგა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Dec.'08 / 13:04

ირაკლი ალასანიამ, გაეროში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, განაცხადა, რომ მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება 4 დეკემბერს დაწერა და თბილისში დაბრუნების შემდეგ სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

პირველი დაუდასტურებელი ინფორმაცია ალასანიას გადადგომის თაობაზე 5 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში გავრცელდა. იმავე დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა მოიწვია პრესკონფერენცია, სადაც მოულოდნელად გამოაცხადა იმ მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ, რომელმაც პარლამენტის ნდობა 35 დღის წინ მოიპოვა.

ამავე პრესკონფერენციაზე გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც ცვლილებების შედეგად საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა, მოუწოდა მინისტრის ყველა მოადგილეებს და ელჩებს დაეტოვებინათ თანამდებობები.

როცა მას ალასანიას გადადგომის თაობაზე ჰკითხეს, ვაშაძემ უპასუხა, რომ არაფერი იცოდა ამის შესახებ, თუმცა დასძინა, რომ ”ირაკლი ალასანიამ ასე თუ ისე უნდა დატოვოს თანამდებობა, იმიტომ, რომ ეს შეეხება ყველა ელჩს”.

5 დეკემბერს, გვიან საღამოს პრეზიდენტი სააკაშვილი პრემიერ მგალობლიშვილს შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა ცვლილებების სხვადასხვა ვარიანტები. ”ეს პირველი შემთხვევაა, რომ ამან პრესაში არ გაჟონა,”- აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საჭირო არის ”გაბედული და არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა”.

ტელეკომპანია ”კავკასიისთვის” მიცემულ მოკლე სატელეფონო ინტერვიუში ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მან გადადგომის შესახებ განცხადება ერთი დღით ადრე დაწერა, ვიდრე სამთავრობო ცვლილებები და მთელი დიპლომატიური კორპუსის სამსახურიდან გაშვება გამოცხადდებოდა.

”მე გადადგომის შესახებ განცხადება 4 დეკემბერს დავწერე და საგარეო საქმეთა სამინისტროს გავუგზავნე. მე ამაზე საქმის კურსში ჩავაყენე საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი და პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე ინფორმირებული იყო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ,”- განაცხადა მან ნიუ-იორკიდან.

ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ გადადგომას ცოტა ადრე აპირებდა, მაგრამ არ უნდოდა ეს ნაბიჯი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გადაედგა, რათა ”არ შეეფერხებინა გარკვეული პროცესები”. მას ამაზე დეტალურად საუბარი აღარ გაუგრძელებია.

”მე გადადგომის მოტივების დეტალებზე და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებ უახლოეს მომავალში, როცა თბილისში დავბრუნდები,”- განაცხადა მან.

ალასანიას შესაძლო გადადგომის პირველი ნიშანი დაახლოებით ერთი თვის წინ გაჩნდა, როცა მან გაზეთ ”24 საათთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ”გადაწყვეტილების მიღების ინსტიტუციონალური სისტემის შექმნას, რომელიც გამორიცხავს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებას და შეამცირებს პროვოკაციებში საქართველოს ჩათრევის საფრთხეს”.

მიუხედავად იმისა, რომ ალასანიას ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია სამომავლო გეგმების შესახებ, ცოტა ხნის წინ ქართულ პრესაში გაჩნდა ვარაუდები მის შესაძლო თანამშრომლობაზე ოპოზიციურ ალიანსთან, რომლის შექმნასაც რესპუბლიკელები და ახალი მემარჯვენეები გეგმავენ.

ფიქრია ჩიხრაძემ ახალი მემარჯვენეებიდან 5 დეკემბერს განუცხადა Civil.Ge-ს, რომ ორი პარტია ”გარკვეულ კონსულტაციებს” აწარმოებს ალასანიასთან. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი გაეროში ყოფილი ელჩის ალიანსის პოლიტიკურ ლიდერად გამოცხადებაზე.

აგვისტოს ომის შემდეგ, როცა საქართველოს ხელისუფლება სამთავრობო ცვლილებებს იხილავდა, ქართულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ალასანიას პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო მისგან მას შემდეგ, რაც არ დააკმაყოფილა ალასანიას მოთხოვნა მის კონტროლს დაქვემდებარებოდნენ ძალოვანი  - თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები.

გასული წლის მანძილზე, როცა პრესაში პერიოდულად ჩნდებოდა სპეკულაციები მთავრობაში შესაძლო ცვლილებების თაობაზე, ალასანია ხშირად თავდაცვის მინისტრობის პრეტენდენტად სახელდებოდა.

5 დეკემბერს გამოცხადებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად ფაქტიურად თავდაცვის მინისტრის თანამდებობა კვლავ ვაკანტური დარჩა, რადგან არავინ დანიშნულა ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ადგილზე. მისი მოადგილე ბათუ ქუთელია მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დასახელდა. 

”მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს თანამდებობა ვაკანტური სპეციალურად დატოვეს, რადგან პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავაც შეეცდება ალასანიას დარწმუნებას მასთან იმუშავოს და ეს პოსტი დაიკავოს,”- განაცხადა ჟურნალისტმა კობა ლიკლიკაძემ რადიო ”თავისუფლებიდან”.

ალასანია, რომელიც 35 წლის მიმდინარე თვეში ხდება, საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა 2002-2004 წლებში ვალერი ხაბურძანიას მინისტრობის დროს.

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ჩვენების მიცემისას, 28 ნოემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახსენა ხაბურძანიას გვარი, როცა საუბრობდა 2004 წლის თებერვალში მის პირველ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

”მან [პუტინმა] áƒ—ქვა, რომ თქვენი უშიშროების მინისტრი, მოქმედი, ეს  არის ჩვენი მეგობარი და  გთხოვთ, კარგად გაუფრთხილდით და კარგი ურთიერთობა გქონდეთ მასთან. ნუ, ახლა, ეს საუბარი იყო ვალერი ხაბურძანიაზე. მე  არანაირი პირადი პრეტენზიები ვალერი ხაბურძანიათან  არა მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ პუტინმა, იმ სახელმწიფოს ლიდერმა, რომელიც გვბომბავდა, უცებ გამომიცხადა, რომ ჩვენი უშიშროების მინისტრი არის áƒ›áƒáƒ—ი მეგობარი, ამის გამო ხელი არ უნდა დავაკაროთ,”- განუცხადა სააკაშვილმა კომისიას.

Civil.Ge © 2001-2024