საქართველოს პატრიარქი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Dec.'08 / 10:46

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 9 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდა.

ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ალექსი მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდა. მან დაკრძალვის ცერემონიალზე პანაშვიდი გადაიხადა. 

”მე შევხვდი პრეზიდენტ მედვედევს. უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგად განწყობილია იმ პრობლემების მიმართ, რომელიც ჩვენ გვაქვს. და ვფიქრობ, რომ კარგი შედეგები იქნება,” - განუცხადა ილია მეორემ ჟურნალისტებს მოსკოვში.

კრემლმა მხოლოდ ერთწინადადებიანი პრესრელიზი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრა შედგა. ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა განაცხადა, რომ შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაცია მოსკოვს ერთი თვის წინ ესტუმრა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა. აგვისტოს ომის შემდეგ ეს იყო ორ ქვეყანას შორის პირველი ოფიციალური კონტაქტი.  

Civil.Ge © 2001-2024