ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილი ოფიციალური მფლობელი ზეწოლაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Dec.'08 / 17:28

ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილმა ოფიციალურმა მფლობელმა áƒ’ოგი ჯაოშვილმა 10 დეკემბერს განაცხადა, რომ იგი აიძულა ხელისუფლებამ დაეთმო აქციები და გადაეცა ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელისთვის, ჯოზეფ ქეისთვის.

გოგი ჯაოშვილი, რომელიც პატარკაციშვილის ახლო მეგობარი იყო, ფლობდა 70%-ს კომპანია JMG-ში. ეს კომპანია I-Media-ს აქციების 65%-ის მფლობელია, ეს უკანასკნელი კი ტელეკომპანია ”იმედის” 100%-იანი დამფუძნებელი და მფლობელია. ჯაოშვილი ასევე იყო I-Media-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ჯოზეფ ქეიმ, პატარკაციშვილის შორეულმა ნათესავმა, განაცხადა, რომ მან ტელეკომპანია და რადიო ”იმედის” აქციები გოგი ჯაოშვილისგან 2008 წლის თებერვალში პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ იყიდა ”უბრალოდ ფულის გადახდის შედეგად”. თუმცა, გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახი აცხადებს, რომ ქეიმ უკანონოდ მოიპოვა კონტროლი ტელეკომპანიაზე საქართველოს ხელისუფლების დახმარებით.

ჯაოშვილმა, რომელსაც აქამდე რაიმე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია, დუმილი 10 დეკემბერს პატარკაციშვილის ოჯახის მიერ მოწვეულ პრესკონფერენციაზე დაარღვია.

მისი თქმით, 19 თებერვალს, პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ერთ კვირაში, ჯოზეფ ქეიმ მას შეხვედრა სთხოვა გარდაცვლილი ბიზნესმენის საქართველოში არსებულ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. შეხვედრაზე, როგორც ჯაოშვილმა განაცხდა, ქეიმ უჩვენა მას დოკუმენტები და განუცხადა, რომ პატარკაციშვილის ქონების მართვის უფლება აქვს. შემდეგ, განაგრძო ჯაოშვილმა, ის და ქეი ნოტარიუსთან წავიდნენ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების თანხლებით.

”მე ავუხსენი მათ, რომ ამ მქონდა ჩემი აქციების გაყიდვის ან გადაცემის უფლება სხვა თანამფლობელების თანხმობის გარეშე,” - განაცხადა ჯაოშვილმა. ”სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებმა, რომლებიც იქ იყვნენ, მითხრეს, რომ სხვა თანამფლობელებთან პრობლემები არ შეიქმნებოდა. შემდეგ მე ავუხსენი მათ, რომ ”იმედის” აქტივები დაყადაღებულია [პატარკაციშვილის აქტივები იანვარში დააყადაღეს სისხლის სამართლის ბრალდებებთან დაკავშირებით]  ... თუმცა, ორი საათის შემდეგ მათ მოიტანეს დოკუმენტები და განაცხადეს, რომ მის ქონებას ყადაღა მოეხსნა. ამის შემდეგ ხელი მოვაწერე ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებას”. 

მან ასევე განაცხადა, რომ იმავე დღეს სამართალდამცავებმა იგი წაიყვანეს ფინანსური პოლიციის ოფისში, სადაც მას მოსთხოვეს ”ნებაყოფლობით გადამდგარიყო” I-Media-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან. ”ჩემს მიმართ გამოყენებული იყო ფსიქოლოგიური ზემოქმედების უხეში ფორმები და იძულებული გავხდი ხელი მომეწერა განცხადებებისთვის,” - განაცხადა ჯაოშვილმა.   
 

 

Civil.Ge © 2001-2024