რუსული ძალები პერევში დაბრუნდნენ - ვაშაძე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Dec.'08 / 19:29

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ რუსული ძალები დღეს საღამოს დაბრუნდნენ სოფელ პერევში მას შემდეგ, რაც რამოდენიმე საათით ადრე მოხსნეს თავიანთი ბლოკსაგუშაგო და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს გადაინაცვლეს.

საქართველოს ხელისუფლებამ და ევროკავშირის დამკვირვებლებმა 12 დეკემბერს დაადასტურეს, რომ რუსულმა ძალებმა თავიანთი საგუშაგოს დემონტაჟი მოახდინეს.

ევროკავშირის მისიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა Civil.ge-ს პარასკევს საღამოს, რომ დღის განმავლობაში არავითარი ნიშანი არ შეიმჩნეოდა იმისა, რომ რუსული ძალები საგუშაგოს აღდგენას აპირებდნენ. თუმცა მას არ ჰქონდა ინფორმაცია დღის ბოლოს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. 

იმავდროულად, საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საელჩომ საქართველოში გაავრცელა ცნობა, რომ 13 დეკემბერს პერევში გამგზავრებას გეგმავენ საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, ”რათა დაათვალიერონ გაუქმებული საგუშაგოები”.

Civil.Ge © 2001-2024