რუსული ძალები პერევში რჩებიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Dec.'08 / 12:46

რუსული ძალები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პერევში საგუშაგოს ამაგრებენ მას შემდეგ, რაც 12 დეკემბერს სოფლიდან გასვლის შემდეგ რამდენიმე საათში უკანვე დაბრუნდნენ.

პარასკევს საღამოს რუსული ძალების მცირე შენაერთი ჯავშანტექნიკასთან ერთად სოფელში შევიდა. 13 დეკემბერს სოფელში დამატებითი ძალები შევიდნენ. ქართულმა ტელეკომპანიებმა უჩვენეს კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ამაგრებენ რუსი ჯარისკაცები პოზიციებს და აძლიერებენ თავიანთ პოსტებს სოფელში.

ქართულ პოლიციას, რომელიც პერევში რუსული ძალების გამოსვლისთანავე შევიდა, სოფლის დატოვება მოუხდა, იტყობინება ქართული მედია.

ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა გახდა რუსების სოფლიდან გასვლისა და შემდეგ უკან დაბრუნების მოტივი.

დღეს იგეგმებოდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების ვიზიტი პერევში, თუმცა ისინი სოფელში არ შეუშვეს. განცხადება დაგეგმილი ვიზიტის თაობაზე თბილისში საფრანგეთის საელჩომ მაშინ გააკეთა, სანამ რუსული ძალები კვლავ შევიდოდნენ სოფელში.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ”შეშფოთებული ვართ” პერევში განვითარებულ მოვლენების გამო.
 

Civil.Ge © 2001-2024