შსს: პერევის მოვლენები შეიარაღებული დაპირისპირების განახლებას ისახავს მიზნად
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Dec.'08 / 15:51

სოფელ პერევში რუსული ძალების ქმედებებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ”წინასწარ გათვლილ პროვოკაციას” უწოდებს, რომელიც ”მიზნად შეიარაღებული დაპირისპირების განახლებას ისახავს”.

13 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში შსს პერევში რუსული ძალების მოძრაობის დეტალებზე საუბრობს.  შსს-ს ცნობით, ამ დროისათვის ქართული პოლიცია სოფლიდან გამოსულია და იქ 500-ზე მეტი რუსი სამხედროა განლაგებული.

განცხადებით თანახმად, მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა სოფელი პერევი 12 დეკემბერს დილით 8 საათით დატოვეს, მათ ნაცვლად იქ ქართული პოლიცია განლაგდა, თუმცა საღამოს 17 საათისთვის პერევის საგუშაგოზე რუსული საოკუპაციო ჯარების ერთი ოცეული და ერთი ჯავშანტრანსპორტიორი დაბრუნდა, რომლებმაც პოზიციების ხელახლა დაკავება დაიწყეს.

დღეს დილიდან პერევში გამუდმებით იზრდება რუსი ოკუპანტების ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის კონცენტრაცია.

”დაახლოებით, 9 საათისთვის [13 დეკემბერს], რუსმა ოკუპანტებმა სოფელში რამდენიმე ათეული მედესანტე 6 საბრძოლო შვეულმფრენიდან გადასხეს, ასევე შემოყვანილი იქნა სამთო მსროლელთა ბატალიონი,”- აცხადებს შსს, ”ამ დროისთვის 500-ზე მეტი რუსი სამხედროა განლაგებული”.

განცხადების თანახმად, რუსმა ოკუპანტებმა ქართველ პოლიციელებს მიმდებარე ტერიტორიების დატოვება ”ცეცხლის გახსნის მუქარით” მოსთხოვეს.

”სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ქართველმა სამართალდამცავებმა დატოვეს პევრევი, სადაც  აღნიშნული მუქარისა და სოფლის ხელახალი ოკუპაციის თვითმხილველები გახდნენ ევროკავშირისა და ეუთო-ს დამკვირვებლები, აგრეთვე საფრანგეთის, რუმენეთის და ლიტვის ელჩები საქართველოში,”- ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო წარმომადგენლები დღეს დილით ჩავიდნენ პერევში, თუმცა ქართული მედიის ცნობით, ისინი სოფელში რუსულმა ძალებმა არ შეუშვეს. განცხადება ელჩების დაგეგმილი ვიზიტის თაობაზე საქართველოში საფრანგეთის საელჩომ გუშინ გააკეთა, სანამ რუსული ძალები კვლავ შევიდოდნენ სოფელში.

ამავე პერიოდში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი მიესალმა რუსული ძალების პერევიდან გასვლას.

”სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსული ძალები დიდი ხნის განმავლობაში უარს აცხადებდნენ ამ საგუშაგოს მოხსნაზე, მიუხედავად ნათელი დასტურისა, რომ საგუშაგო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის დასავლეთით მდებარეობდა. მაგრამ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის და ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაჟინებამ შედეგი გამოიღო,”- განაცხადა მან რუსული ძალების პერევში ხელახლა შესვლამდე გაკეთებულ განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2024