ევროკავშირის მისია მოუწოდებს რუსეთს ”დაუყონებლივ” გაიყვანოს ძალები პერევიდან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Dec.'08 / 16:48

საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ მოუწოდა რუსეთს დაუყონებლივ გაიყვანოს თავისი შენაერთები პერევის საგუშაგოდან და სოფელ პერევიდან.

”დღეს, ევროკავშირის პატრულმა დაადასტურა, რომ რუსულმა ძალებმა კვლავ დაიკავეს საქართველოში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად არსებული პერევის საგუშაგო, და სოფელ პერევში და მის გარშემო მნიშვნელოვანი ძალებიც კი განათავსეს. ერთი დღეც არ გასულა მას შემდეგ, რაც რუსულმა სამხედროებმა საგუგაშო დატოვეს,” - განაცხადა მისიამ 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მისი თქმით, პერევის ”განახლებული რუსული სამხედრო ოკუპაცია” არ შეესაბამება სარკოზი-მედვედევის სამშვიდობო გეგმის დებულებებს.

ევროკავშირის დამკვირვებლებმა ასევე განაცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების რამდენიმე ელჩი პერევში არ შეუშვეს.

”უცხოურ ქვეყანაში ელჩების გადაადგილების შეზღუდვა მიუღებელია საერთაშორისო სამართლის ყველა შესაბამისი ინსტრუმენტის თანახმად,” - განაცხადა მისიამ.

12 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა სოფელი დატოვეს, ევროკავშირის მონიტორინგის მისია მიესალმა ამ ქმედებას და მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა განაცხადა: ”სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსული ძალები დიდი ხნის განმავლობაში უარს აცხადებდნენ ამ საგუშაგოს მოხსნაზე, მიუხედავად ნათელი დასტურისა, რომ საგუშაგო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის დასავლეთით მდებარეობდა. მაგრამ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის და ადგილზე ევროკავშირის მისიის დაჟინებამ შედეგი გამოიღო”.    

 

 

Civil.Ge © 2001-2024