სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Dec.'08 / 10:46

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არ განიხილავს ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხს; ”ეს იქნებოდა სისულელე,” განაცხადა მან 17 დეკემბერს.

”არ ვაპირებ საქართველოს აფეთქებას იმის გამო, რომ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ხალხმა აირჩია პარლამენტში და არ შევიდა პარლამენტში, ახლა შეწუხებულია საკუთარი შრომითი მოწყობით,” - განუცხადა პრეზიდენტმა ქართველი ჟურნალისტების ჯგუფს პრესკონფერენციაზე, რომელიც პირდაპირი ეთერით გავიდა.

გასულ კვირას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგია, რადგანაც ქვეყანა ვერ გაიღებს დამატებით ხარჯებს მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე.

”ცოტა ხნის ერთ-ერთ ტელეარხზე გავიგე როგორ ამბობდა ვიღაც, რომ არჩევნების ჩატარებას 20 თუ 40 მილიონი სჭირდებაო - არა, ის არ ღირს 40 მილიონი; ის ღირს ერთი მილიარდი ან 1.5 მილიარდი,” - განაცხადა სააკაშვილმა 17 დეკემბერს.

”დიახ, 1-1.5 მილიარდი ლარი,” - განაგრძო მან. ”თუ თქვენ მზად ხართ დახარჯოთ 1-1.5 მილიარდი ლარი ათი თუ თხუთმეტი პოლიტიკოსის დასაქმების საკითხის მოსაგვარებლად - მე ამისთვის არც მზად ვარ და არც მხარს ვუჭერ”.

სააკაშვილის თქმით, საქართველომ 2008 წელს სამი არჩევნები ჩაატარა - საპრეზიდენტო, საპარლამენტო და აჭარის ადგილობრივი არჩევნები.

”როდესაც ქვეყანაში დიდი საარჩევნო კამპანიაა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს უკავშირდება ფულის დახარჯვას პოლიტიკოსებისთვის და არა ხალხისთვის,” - განაცხადა მან.

”და მეორე მხრივ, ჰკითხეთ ბიზნესმენებს როგორ უხარიათ მათ არჩევნები. ჩვენ სულ ცოტა 1 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დავკარგეთ არჩევნების გამო წელს,” - დასძინა მან.

მისი თქმით, რა თქმა უნდა არჩევნები არის ”დემოკრატიის გამოხატულება”, მაგრამ ”დემოკრატიის გამოხატულებაა ასევე ყოველდღიური დიალოგი შენს ხალხთან”.

კითხვაზე, ხომ არ მიანიშნებდა მისი ბოლოდროუნდელი სატელევიზიო შეხვედრები სხვადასხვა პროფესიების ხალხთან იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნები იგეგმებოდა, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ეს შეხვედრები არის ხალხთან ყოველდღიური დიალოგის ნაწილი.

”ჩემი არჩევნები დამთავრებულია - ჩემი ვადა იწურება 2013 წელს და აღარ ვაპირებ ამის შემდეგ კერჭის ყრას,” - განაცხადა მან.

 

 

Civil.Ge © 2001-2024