სააკაშვილი: საქართველო უსაფრთხოების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Dec.'08 / 11:26

საქართველო განაგრძობს ნატოსკენ სვლას და ამ პროცესის პარალელურად ასევე განიხილება ქვეყნის უსაფრთხოების სხვა ვარიანტებიც, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 დეკემბერს იმ კითხვაზე საპასუხოდ, რომელიც აშშ-სთან შესაძლო ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებას ეხებოდა.   

”ჩვენ განვაგრძობთ სვლას გზაზე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ და ნურავის ნუ ექნება ილუზია ამის თაობაზე,” - განუცხადა პრეზიდენტმა ქართველი ჟურნალისტების ჯგუფს პრესკონფერენციაზე, რომელიც პირდაპირი ეთერით გავიდა. ”ის, რაც ნატოს ბოლო სამიტზე მოხდა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც MAP-ის საკითხი გვერდზე გადაიდო და ითქვა, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწია და საქართველო - MAP-ით, თუ MAP-ის გარეშე - მაინც შევა ნატოში; ამრიგად, ჩვენ წინ გადავდგით ნაბიჯი [ნატოსკენ]”.

”მაგრამ, რა თქმა უნდა, აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანია; რა თქმა უნდა, ჩვენ ვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს. სხვათაშორის, მინდა გითხრათ, რომ ამ ადმინისტრაციასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს, შემდეგ ადმინისტრაციასთან უკვე გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები”. 

”იანვრიდან ჩვენ უფრო ძლიერი ამერიკა გვეყოლება, რადგანაც მას ეყოლება უფრო ძლიერი პრეზიდენტი, უფრო ძლიერი მანდატით და ძლიერი პოზიციებით მსოფლიოში,” - განაცხადა მან.

საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას, სააკაშვილმა ასევე განაცხადა: ”ბევრი საინტერესო სიურპრიზი გველოდება წინ; ჩვენ ზუსტად ვიცით რას ვაკეთებთ; ჩვენ ძალიან საინტერესოდ ვმუშაობთ და ეს მომდევნო კვირებში და თვეებში გახდება ეს ყველასთვის ცნობილი”.

”ფართომასშტაბიანი ომის საფრთხე არ არსებობს”

სააკაშვილმა იმავე პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ”რაიმე სახის ფართომასშტაბიანი ომის საფრთხე არ არსებობს, რადგანაც რუსეთი სერიოზული შიდა პრობლემების წინაშე დგას”.

ამავე დროს, მან ასევე არ გამორიცხა, რომ რუსეთი შესაძლოა შეეცადოს საქართველოს პროვოკაციებში ჩათრევას.

რუსეთის მიერ სოფელ პერევში დაბრუნებაზე და ოპოზიციური პოლიტიკოსების განცხადებებზე საუბრისას, რომ თითქოს საქართველოს ლიდერის ”უპასუხისმგებლო განცხდებებმა” უბიძგა რუსეთს სოფელში დაბრუნებულიყო, სააკაშვილმა განაცხადა: ”არსებობს საუბრები იმის თაობაზე, რომ რუსეთმა იმიტომ დაიკავა პერევი, რომ რაღაც არ მოეწონა ჩვენს შიდა პოლიტიკაში. თუ ვინმე ჩვენგანი ოდესმე იტყვის, რომ ჩვენი ქმედებები იმაზე უნდა იყოს დამოკიდებული, თუ რა მოსწონთ ოკუპანტებს და რა არა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საქმე დამთავრებულია”.

მან რუსეთის თავდაპირველი გასვლა პერევიდან ევროკავშირის სამიტს დაუკავშირა და დასძინა, რომ რუსულმა ძალებმა მაშინვე დაიკავეს სოფელი, ”როგორც კი სამიტი დასრულდა”.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარება დამოკიდებულია შიდა კონსოლიდაციაზე და ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციაზე გავლენიან საერთაშორისო სტრუქტურებში.     

Civil.Ge © 2001-2024