შუამავლები ჟენევის მოლაპარაკების მესამე რაუნდის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Dec.'08 / 20:29

მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს ჟენევის მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ რა ადგილზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების აღკვეთის მექანიზმებზე, განაცხადეს შუამავლებმა 18 დეკემბერს საერთაშორისო მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ.

თუმცა, გარკვეული უთანხმოებები ამ საკითხზე კვლავ რჩება, რომელსაც მხარეები 17-18 თებერვალს დაგეგმილ მომდევნო რაუნდზე მოაგვარებენ.

”განხილვები დადებითი სულისკვეთებით წარიმართა,” - განაცხადა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰეიკი ტალვიტიემ მოლაპარაკებების შემდეგ. ”მონაწილეები შეთანხმდნენ პრაქტიკულ და ტექნიკურ საკითხებზე, რათა მიაღწიონ პროგრესს კონკრეტულ პუნქტებზე, რაც საბოლოოდ ხალხს მოუტანს სარგებელს”.

ტალვიტიე, ევროკავშირის და გაეროს სპეციალურ წარმომადგენლებთან, პიერ მორელთან და იოჰან ვერბეკესთან, ერთად ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის და აშშ-ს, ასევე სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლები.

”მონაწილეები შეთანხმდნენ კონკრეტული მექანიზმების უმეტეს დეტალებზე, რაც დაეხმარება დავების და ინციდენტების მოგვარებას ადგილზე. თანათავმჯდომარეები იმუშავებენ სხვა მონაწილეებთან ერთად, რათა მოაგვარონ დარჩენილი უთანხმოებები და მიაღწიონ შეთანხმებას მომავალი შეხვედრის დროს,” - განაცხადა ეუთომ პრეს-რელიზში.

მოლაპარაკებების წინა რაუნდის მსგავსად, 17-18 დეკემბრის შეხვედრა გაიმართა ორი არაფორმალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. ოფიციალური პლენარული სხდომა არ გამართულა. 

მოლაპარაკებები ორი დამოუკიდებელი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში - ერთი უსაფრთხოების და სტაბილურობის, ხოლო მეორე - დევნილთა დაბრუნების საკითხებზე მუშაობს - საშუალებას აძლევს მონაწილეებს ერთმანეთს ე.წ. ინდივიდუალურ ფორმატში შეხვდნენ, ანუ შეხვედრა იმ სუბიექტების იდენტიფიკაციის გარეშე, რომელთაც მომლაპარაკებლები წარმოადგენდნენ. ამ გზით შესაძლებელია სტატუსთან დაკავშირებული უთანხმოების თავიდან აცილება, რაც ძირითადად სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლებს ეხებათ.  

Civil.Ge © 2001-2024