ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი თემა ინციდენტების აღკვეთის მექანიზმები იყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Dec.'08 / 12:21

მოლაპარაკებების მხარეები ახლოს იყვნენ, რათა მიეღწიათ შეთანხმებისთვის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მომხდარი ინციდენტების გამოძიების მექანიზმებზე, მაგრამ მეტი დროა საჭირო ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, განაცხადა აშშ-ს წარმომადგენელმა მოლაპარაკებებზე დანიელ ფრიდმა 18 დეკემბერს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დანიელ ფრიდმა განუცხადა ჟურნალისტებს ჟენევაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ, რომ პროგრესი მიღწეულია თორმეტიდან რვა საკითხზე, რომლებიც უკავშირდება ინციდენტების აღკვეთის და გამოძიების ერთობლივ მექანიზმებს.

ქართული მხარე დაჟინებით მოითხოვს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს ჰქონდეთ ინციდენტების ადგილას შესვლის უფლება, მათ შორის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებზე, რათა გამოიძიონ ინფორმაცია სროლების შესახებ.

”ჩვენ ახლოს მივედით მნიშვნელოვან შეთანხმებამდე იმ მექანიზმებზე, რომლებიც უკავშირდება დავების მოგვარებას და გამოძიებას და ვწუხვარ, რომ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ,” - განაცხადა ფრიდმა, თან იქვე დასძინა, რომ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიერ მორელმა, რომელიც ეუთოს და გაეროს სპეციალურ წარმომადგენლებთან ერთად მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა, სთხოვა ყველა მონაწილეს ”გვერდზე გადადონ იმედგაცრუებები და შეთანხმდნენ იმაზე, რაც შესათანხმებელია და ასევე [შეთანხმების] არსებულ ტექსტზე”.

”ქართულმა დელეგაციამ აღნიშნა, რომ ტექსტი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ისინი ელოდნენ, თუმცა ის მაინც საკმარისია მათთვის, რომ დაეთანხმონ მას,” - განაგრძო ფრიდმა. ”ამერიკელები... აცხადებენ, რომ დავების მოგვარების და გამოძიების მექანიზმების განმსაზღვრელი ტექსტი შესაძლოა უფრო ძლიერიც ყოფილიყო, თუმცა ის ბევრად უკეთესია, ვიდრე არაფერი”.

მისი თქმით, მას მიაჩნია, რომ რუსებსაც სურდათ შეთანხმება და მზად იქნებიან მიიღონ ეს ტექსტი.

”ოსებმა და აფხაზებმა, თავის მხრივ, ვერ შეძლეს მისი მიღება,” - დასძინა ფრიდმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ, რომელიც მოლაპარაკებებზე ქართულ მხარეს წარმოადგენს, განაცხადა: ”შეთანხმება არ იქნა მიღწეული, რადგანაც ის დაბლოკეს რუსეთის ფედერაციამ და დე ფაქტო წარმომადგენლებმა”.

დანიელ ფრიდმა იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო ჯამში უთანხმოებები მოგვარდება, ”უბრალოდ მათი მოგვარება დღეს ვერ მოხერხდა”.

”მეტი დრო რომ ყოფილიყო, ვეჭვობ, რომ ფორმულის შემუშავება მოხერხდებოდა,” - განაცხადა მან. ”და ზოგიერთმა დელეგაციამ, ზოგიერთმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ემოციები ძალიან გამწვავდა და დროა საჭირო ყველა ამ საკითხის მოსაგვარებლად”.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა 18 დეკემბერს, რომ განხილვები ზოგჯერ საკმაოდ მწვავე იყო, რადგანაც ”მხარეების პოლიტიკური პოზიციები საკმაოდ განსხვავდება”.

”მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა მონაწილეს ესმის რეალური ზომების მიღების მნიშვნელობა, რაც გააძლიერებს უსაფრთხოებას და აღკვეთს არასაჭირო და სერიოზულ ინციდენტებს,” - იტყობინება ”როიტერი” კარასინის სიტყვებზე დაყრდნობით.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი ჟენევაში 17-18 თებერვალს გაიმართება. 

 

Civil.Ge © 2001-2024