![]() |
|||
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა 21 დეკემბერს, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას, სავარაუდოდ, ”ახალ წლამდე” მოეწერება ხელი. ”ტექსტი წარედგინა ქართულ მხარეს; ახლა, ქართული მხარე გარკვეულ ცვლილებებს შესთავაზებს ორშაბათს და სამშაბათისთვის, ვფიქრობ, ტექსტი უკვე საბოლოოდ შეთანხმდება და მას ალბათ ახალ წლამდე მოეწერება ხელი,” - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს. მისი თქმით, ჩარჩო ხელშეკრულება ბევრ საკითხს მოიცავს, მათ შორის უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ, კულტურის და დემოკრატიზაციის საკითხებს. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და ოპოზიციური პარტიის ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება და ქართული მედია არასწორად ამახვილებენ ყურადღებას მომავალი ხელშეკრულების უსაფრთხოების ასპექტებზე. ბურჯანაძემ, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, განაცხადა, რომ რამდენადაც მან იცის, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ნაწილი დემოკრატიცაზიის საკითხებს ეხება. ხელშეკრულება, სავარაუდოდ, ანალოგიური იქნება იმისა, რომელსაც აშშ-მ და უკრაინამ 19 დეკემბერს მოაწერეს ხელი - სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია. ქარტია, რომელიც ხუთ პუნქტს მოიცავს, ითვალისწინებს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში; ასევე დემოკრატიის გაძლიერებას და დანამშრომლობას კულტურის სფეროში. აშშ-უკრაინის ქარტიაში ნათქვამია, რომ ის ეფუძნება იმ ძირითად პრინციპებს, რომელსაც ორივე მხარე იზიარებს და ”ერთმანეთის სუვერეიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიულ მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს”.
|
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025