სააკაშვილი საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Dec.'08 / 18:01

აშშ-სთან ახალი სტრატეგიული ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე გადავა, განაცხადა დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

”ჩვენ ახლა ვამზადებთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს უბრალოდ იმის სისტემატიზაცია და წესრიგში მოყვანა კი არა არის, რაც აქამდე ხდებოდა. თუ გამოვიდა ამ ხელშეკრულების ხელმოწერა - და რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ მოლაპარაკების სტადიაში ვიმყოფებით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ურთიერთობა მსოფლიოს ყველაზე დიდ და ძლიერ სახელმწიფოსთან, რომელიც ამ კრიზისიდან გამოვა კიდევ უფრო გაძლიერებული და კიდევ უფრო მყარი პოზიციებით, ჩვენი უფრთიერთობა ამ სახელმწოფოსთან გადადის ხარისხობრივად ბევრად უფრო მაღალ დონეზე და ბევრად უფრო ძლიერ ასპექტებს იძენს,” - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ეს განცხადება ნაციონალური მოამბის თანამშრომლებთან შეხვედრაზე გააკეთა.  

”არასდროს ამეირკას არ უხსენებია, რომ საქართველო არის მისი სტრატეგიული მოკავშირე, არასდროს არც ერთ განცხადებაში, არასდროს არც ერთ ხელშეკრულებაში. თუ ჩვენ მივედით იქამდე, რომ სიტყვა სტრატეგიული გაჩნდა ჩვენს ურთიერთობებში, აი ეს იქნება ყველაზე ნათელი პასუხი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაზე, ეს იქნება ყველაზე ნათელი პასუხი საქართველოს ჩამოშლის და ნაგლეჯებად ქცევის მუდმივ მცდელობაზე,” - განაცხადა სააკაშვილმა. ”ამიტომ, ამ ხმრივ, ჩვენ რა თქმა უნდა უფრო გაძლიერებული გამოვალთ და რა თქმა უნდა იმის გაგებით, რომ ჩვენ დიდი გზა გვაქვს გასავლელი ჩვენს მშვიდობიან ბრძოლაში საქართველოს გაერთიანებისთვის, საქართველოს გაძლიერებისთვის, საქართველოს დემოკრატიულ შეუქცევადად წარმატებულ ქვეყნად ჩამოყალიბებისთვის”.

Civil.Ge © 2001-2024