სააკაშვილი: მრავალმილიონიანი ანტი-ქართული კამპანია კვლავ გრძელდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Dec.'08 / 19:03

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 დეკემბერს განაცხადა, რომ ”ასობით მილიონი იხარჯება საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდაზე”.

”მარტო ბოლო დღეებში დასავლურ პრესაში, დასავლელი ჟურნალისტების მიერ რამდენიმე სკანდალი იქნა გახეთქილი - როგორ ფინანსდება რუსეთის უშიშროების სამსახურების მიერ საქართველოს წინააღმდეგ კამპანია დასავლური პიარ-კამპანიების მიერ, ზოგიერთი დასავლური ჟურნალისტის, ზოგიერთი გაზეთის ხელით,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მას, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა Associated Press-ის ინფორმაცია
ცხინვალში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლირა ცხოვრებოვას სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სპეცსამსახურებთან სავარაუდო კავშირების შესახებ. ამ ინფორმაციის გავრცელება დაეთხვა ცხოვრებოვას აშშ-ში ვიზიტს, რომლის ორგანიზება და აშშ-ში მისთვის შეხვედრების ორგანიზება განახორციელა ამერიკულმა PR-კომპანია Saylor Company-იმ. 
    
”მაგრამ ამის არ უნდა შეგვეშინდეს. დასავლეთში არის დემოკრატიული საზოგადოება, ასეთი გაზეთიც არსებობს და იქ ათჯერ მეტი სხვანაირიც არსებობს. ასეთი პიარ-კამპანიებიც არსებობს და ათასჯერ მეტი ბევრად უფრო ცივილიზებული და კულტურული და ნორმალური ადამიანი არსებობს. ამიტომ იმ ველზე დემოკრატიის და თავისუფლების პირობებში ჩვენ ამ ბრძოლას ვერ მოგვიგებენ. სიმართლე საბოლოო ჯამში თავის გასავალს მაინც იპოვის,” - განაცხადა სააკაშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024