კონსერვატორებს აშშ-საქართველოს შესაძლო ხელშეკრულების საჯარო განხილვა სურთ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Dec.'08 / 17:14

კონსერვატორული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ მოუწოდა  ხელისუფლებას აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების პროექტი საჯარო განხილვისთვის წარმოადგინოს.

”კონსერვატიული პარტია მიესალმება თანამშრომლობას დასავლელ პარტნიორებთან, მაგრამ იმავდროულად მიგვაჩნია, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აღარ აქვს მანდატი ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოების გრძელვადიან პერსპექტივებთან დაკავშირებით,” - განაცხადა კუკავამ 23 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. ”საქართველო დაზღვეული უნდა იყოს სააკაშვილის რეჟიმის ახალი უპასუხისმგებლო, პროვოკაციული ხასიათის მოქმედებებისგან”.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 22 დეკემბერს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე, რომელიც, მისი თქმით, იქნება პასუხი საქართველოს ჩამოშლის და დანაწევრების მცდელობებზე. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ხელშეკრულებას ხელი, სავარაუდოდ, ახალ წლამდე მოეწერება.

აშშ-მ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას უკრაინასთან 19 დეკემბერს მოაწერა ხელი.

 

Civil.Ge © 2001-2024