სააკაშვილი: ეკონომიკური შენელება, მაგრამ არა კრიზისი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Dec.'08 / 11:05

საქართველოს მომავალ წელს 2.5%-იანი ზრდა ექნება, მაგრამ ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ დავეხმაროთ ქვეყანას ეკონომიკური სირთულეების გადალახვაში, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 დეკემბერს.

მთავრობის სხდომაზე საუბრისას, რომელიც სახელმწიფო ტელეკომპანიებმა თითქმის ერთ საათზე მეტი პირდაპირ ეთერში გააშუქეს (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა), სააკაშვილმა განაცხადა, რომ საპროგნოზო 2.5%-იანი ეკონომიკური ზრდა ”დაგვეხმარება რეცესიის თავიდან აცილებაში”.

სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა განუცხადა პრეზიდენტს, რომ მომავალ წელს იგი ”მსხვილი კომპანიებისგან” 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის  პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ელის. მან დასძინა, რომ რას ალ ხაიმას საამიროს  უმსხვილესი სამშენებლო კომპანია Rakeen-ი 2009 წელს 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. გილაურმა მთავრობის წევრებს ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი წარუდგინა. 

”კრიზისი ჯერ საქართველოში არ გვაქვს,” - მიმართა სააკაშვილმა მთავრობის წევრებს. ”საქართველოში ჩვენ გვაქვს ეკონომიკური შენელება, მაგრამ ჯერ მსოფლიო კრიზისი არ შემოსულა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არც შემოვიდეს იმ მასშტაბით, როგორიც არის უკრაინაში, რუსეთში,თურქეთში,უნგრეთში და სხვა მსგავს ქვეყნებში. რუსეთში სახელფასო დავალებები გადასცდა 10%-ს, არაოფიციალურად უკვე აღემატება 20%-ს, სოციალურ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, პენსიებს ვერ გასცემენ რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში”.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მომდევნო ექვსი თვე რთული იქნება, თუმცა იქვე დასძინა, რომ სწორი პოლიტიკის შემთხვევაში ქვეყანა სირთულეების გადალახვას 2009 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს და ”2010 წელს ჩვენ შევძლებთ დავუბრუნდეთ ეკონომიკური ზრდის იმ ტემპს, რომელიც გვქონდა” წინა წლებში.

ფინანსთა მინისტრმა სხდომაზე განაცხადა: ”მიმდინარე წელს 2%-იანი ზრდით დავასრულებთ” - ნაცვლად 12%-იანი ზრდისა 2007 წელს. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ 2%-იანი ზრდა ”მაინც ნორმალურია” მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ფონზე.

სააკაშვილმა სთხოვა ახალ კომისიას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციას კურირებს, უფრო ყოვლისმომცველი იყოს და მოიწვიოს ”ბიზნესმენები... ექსპერტები და პროფესორები”. კომისიის თანათავმჯდომარეები არიან პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე. მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა ტოლერანტული უნდა იყოს კრიტიკის მიმართ და დასძინა, რომ მთავრობამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ანტი-კრიზისულ საბჭოსთან.

მან ასევე შეაქო მთავრობა ბევრი მუშაობისთვის და ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრზე გრიგოლ მგალობლიშვილზე. ”მგალობლიშვილი სამსახურში დილის 8 საათზე მოდის და ღამის 3 საათზე მიდის... აქამდე მეგონა, რომ ყველაზე დიდი სამუშაო საათები მე მქონდა, მე მესმის გეგასი და მესმის თითოეული ჩვენგანის... ნუ იმუშავებთ ღამის 1 საათის შემდეგ, ყველას აქვს უფლება 8-საათიან ძილზე,” - მიმართა სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრს.

სხდომაზე პრეზიდენტმა ჰკითხა ფინანსთა მინისტრს, თუ რა იყო ყოველთვიური საარსებო მინიმუმი. გილაურმა უპასუხა რამდენიმე წამის დაყოვნების შემდეგ, რომ მან ზუსტად არ იცოდა; ხოლო შემდეგ დასძინა: ”ვფიქრობ, 100 ლარი”.

”ეს არის ის, რაც მთავრობის წევრმა უნდა იცოდეს,” - განაცხადა სააკაშვილმა და შემდეგ იგივე კითხვა ჯანდაცვის მინისტრს სანდრო კვიტაშვილს დაუსვა, რომელმაც ასევე შეყოვნების შემდეგ უპასუხა: ”ვფიქრობ 105 ლარი ერთ სულზე”.

შემდეგ მთავრობის რომელიღაც წევრმა განაცხადა: ”157 ლარია”; თუმცა, კვიტაშვილმა უპასუხა: ”157 ლარი ოჯახზეა”. ამ დროს ჩაერია ფინანსთა მინისტრი და განაცხადა: ”100 დოლარია და არა 100 ლარი”.

სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, 2008 წლის ნოემბერში საარსებო მინიმუმი ოჯახზე 218 ლარს შეადგენდა, ხოლო ერთ სულზე - 115.1 ლარს იმავე პერიოდში.

 

Civil.Ge © 2001-2024