სააკაშვილის ახალი სამაგალითო მოდელი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 Dec.'08 / 13:24

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა New York Times-სთან ინტერვიუში, რომ სამწუხაროა, რომ მას არ ჰყოლია მნიშვნელოვანი კონკურენტი ოპოზიციიდან.

”მე რომ ვყოფილიყავი ოპოზიციაში, ამ ხელისუფლებას სამ თვეში გავანადგურებდი,” - განაცხადა მან. კითხვაზე, თუ როგორ მოახერხებდა ამას, სააკაშვილმა უპასუხა: ”ვიცი, როგორც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ არ მინდა მათ ვასწავლო, როგორ გააკეთონ ეს”.

მან ასევე განაცხადა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება მისი პრიორიტეტია პრეზიდენტის უფლებამოსილების მეორე ვადაში.

კითხვაზე, თუ როგორ გაიხსენებენ მას მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, სააკაშვილმა უპასუხა: ”ვფიქრობ, როგორც ადამიანს, რომელმაც საქართველო თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ აქცია”.

”ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩვენ საქართველო თანამედროვე სახელმწიფოდ ვაქციეთ; მომდევნო ხუთ წელიწადში მას თანამედროვე საზოგადოებად ვაქცევთ - 100%-ით თანამედროვე საზოგადოებად და სახელმწიფოს ინსტიტუციონალიზაციას განვახორციელებთ. ჩვენ გავხდით თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც ნაკლებად ეფუძნება ინსტიტუტებს და უფრო მეტადაა დაფუძნებული პიროვნებებზე; ახლა, ჩვენ უნდა შევქმნათ თანამედროვე საზოგადოება, რომელიც კანონის უზენაესობას და ინსტიტუტებს დაეფუძნება,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე განუცხადა New York Times-ს, რომ ბოლო დროს მას ნაკლებად იზიდავს დავით აღმაშენებლის მოდელი. მისი თქმით, მისთვის ჯორჯ ვაშინგტონის მოდელი უფრო მიმზიდველი გახდა, რომელსაც  ”მეფობა შეეძლო, მაგრამ ძალაუფლებაზე უარი თქვა და დემოკრატია არჩია.” 

”ეს არის ის, რაზეც სულ უფრო და უფრო მეტს ვფიქრობ – ჯორჯ ვაშინგტონი”, - განაცხადა მან.

2004 წელს პირველი ვადით არჩევისას სააკაშვილმა გელათის მონასტერში დავით აღმაშენებლის საფლავზე დადო ფიცი, ხოლო 2008 წელს მეორე ვადით არჩევისას სააკაშვილმა ფიცი გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამის ტაძარში დადო.  

Civil.Ge © 2001-2024