აშშ-საქართველოს ქარტია ბაზების განლაგებას არ გულისხმობს - ბაქრაძე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Jan.'09 / 17:46

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტია, რომელიც ვაშინგტონში ხვალ გაფორმდება, არ მოიცავს დებულებას საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსების თაობაზე, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 8 იანვარს.

”დოკუმენტი არანაირი ფორმით არ გულისხმობს ამერიკული ბაზების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე და ჩვენი ამოცანაა გავაძლიეროთ ქართული არმია და საქართველო დაიცვას ქართულმა არმიამ და არა რომელიმე სხვა ქვეყნის ჯარმა ან ბაზამ, რომელიც აქ იქნება განლაგებული,”- განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, დოკუმენტში საუბარი იქნება იმაზე, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კუთხით.

”ეს გულისხმობს დახმარებას ქართული არმიის გაწრთვნის, მომზადების და შეიარაღების სფეროში,”- აღნიშნა მან.

პარლამენტის თავმჯდომარემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დღეს ლეიბორისტულმა პარტიამ სააკაშვილის ადმინისტრაციას ამერიკული ბაზების საქართველოში განთავსების მცდელობაში დასდო ბრალი. 

”მიხეილ სააკაშვილი ინტენსიურ მოლაპარაკებებს ეწევა ბუშის ადმინისტრაციის კონკრეტულ ჯგუფებთან და სთავაზობს ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს ტერიტორიაზე 90 წლის ვადით ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებისათვის,”- განაცხადა ლეიბორისტმა ნესტან კირთაძემ პრესკონფერენციზე 8 იანვარს, ”საუბარია ათაოსობით ჰექტარი მიწის გამოყოფაზე ყოველგვარი საიჯარო გადასახადების გარეშე”.

მისი თქმით, ლეიბორისტული პარტია ”აფრთხილებს ბუშის ადმინისტრაციას, ასევე ახალ ადმინისტრაციას”, რათა არ გადააქციონ საქართველო და კავკასია ”მეგასახელმწიფოებს შორის ღია სამხედრო აგრესიის ეპიცენტრად”.

ამ განცხადებას ”ფანტაზიის შედეგი” უწოდა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა.

”არ ვიცი საიდან აქვთ [ლეიბორისტებს] ეს ინფორმაცია [ვენესუელას პრეზიდენტ] ჰუგო ჩავესისგან თუ სხვა რომელიმე პოლიტიკური ფიგურისგან,”- განაცხადა მან. ”მაგრამ მე ვიცი რაზეც არის ეს ხელშეკრულება - ეს არის დამატებითი გარანტია საქართველოსთვის პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური... რათა ჩვენი მოქალაქეები იყვნენ უფრო მეტად დაცული, ვიდრე ეს იყო აგვისტოს თვემდე”.

აშშ-ში უკვე გაემგზავრა ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან ერთად ხელს მოაწერს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას. 

დოკუმენტის ტექსტი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ანალოგიური იქნება იმ ქარტიისა, რომელიც აშშ-მ დეკემბერში უკრაინასთან გააფორმა.

იმავდროულად, ვაშინგტონში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე, რომელიც დღეს აშშ-ის თავდაცვის მდივანთან რობერტ გეითსთან გამართავს შეხვედრას, იუწყება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი.

Civil.Ge © 2001-2024