სააკაშვილი ეკონომიკის სახელმწიფო სტიმულირებაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Jan.'09 / 20:24

”ერთი წლის წინ ბევრად უფრო ადვილი ცხოვრება გვქონდა”, თუმცა ვითარება გაართულა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა და ახლა საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ზომებს, რომ ”ამ ეკონომიკურმა კატასტოფამ” საქართველოში ვერ შემოაღწიოს სრული მასშტაბით, განუცხადა 9 იანვარს მთავრობის წევრებს პრეზიდენტმა სააკაშვილმა სხდომაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

”ერთი წლის წინ ბევრად უფრო ადვილი ცხოვრება გვქონდა იმ გაგებით, რომ საქართველო იყო მიმზიდველი ქვეყანა, მსოფლიოში იყო ბევრი იაფი და თავისუფალი ფული და ინვესტორები გამგელებულები ეძებდნენ სად შეიძლებოდა ამ ფულის დაბანდება. ახლა სიტუაციაა რადიკალურად შეცვლილი; ინვესტორი, როგორც ჯიში, მსოფლიოში თითქმის მთლიანად გამქრალია... ყველა დიდი კომპანია თვითონ ფიქრობს, როგორმე გადარჩეს  და აღარ ფიქრობს არსად ინვესტირებას,”- განაცხადა მან.

”ამ სიტუაციაში ჩვენი მდგომარეობა ერთის მხრივ მძიმდება საერთო ფონით, მეორეს მხრივ ჩვენ უნდა მოვნახოთ გამოსავლები იმისათვის, რომ მოვახდინოთ ეკონომიკის სტიმულირება,”- განაგრძო პრეზიდენტმა, ”ამ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გამოსავალი და რეცეპტი ეს არის ინვესტირება სახელმწიფოს მიერ ეკონომიკაში”. 

შემდეგ პრეზიდენტმა თხოვა მთავრობის წევრებს ჩამოეთვალათ 2009 წელს დაგეგმილი სახელმწიფო პროექტები, რომელიც 2.2 მლრდ ლარიან სახელმწიფო სტიმულირების პაკეტს შეადგენს.

ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ მიმდინარე თვიდან სახელმწიფო აპირებს 1 მლრდ ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ტენდერების გამოცხადებას. მისი თქმით, ეს 2.2 მლრდ ლარის ოდენობით მთლიანი პაკეტის ნაწილია.

”ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ კომპანიებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ამ ტენდერებში,”- განაცხადა გილაურმა, ”გვინდა მოვიზიდოთ მაქსიმალურად ქართული კომპანიები”.

მისი თქმით,  1 მლრდ ლარიდან დაახლოებით, 700 მლნ ლარი დარჩება ქართულ ეკონომიკაში, დანარჩენი კი სავარაუდოდ, იმპორტირებული მასალების შეძენაზე დაიხარჯება.

მან ასევე განუცხადა პრეზიდენტს, რომ 25-30 ათასი სამუშაო ადგილის შექმნაა მოსალოდნელი სახელმწიფო პროექტების ამოქმედების შედეგად.

საგზაო დეპარტამენტის áƒ®áƒ”ლმძღვანელმა რამაზ ნიკოლეიშვილმა განუცხადა პრეზიდენტს, რომ წელს მთლიანობაში გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 521 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ, რომელიც მთავრობის სხდომაზე ვიდეო-ჩართვის გზით მონაწილეობდა, განუცხადა პრეზიდენტს, რომ აჭარის ბიუჯეტიდან 120 მლნ ლარის ინვესტირება áƒ’ანხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

მთავრობის წევრების მიერ მიწოდებულ ამ ციფრებს პრეზიდენტი სხდომის განმავლობაში დაფაზე წერდა.

”მთელი საქართველო, მიუხედავად მსოფლიო კრიზისისა, ჩვენ უნდა გადავაქციოთ ერთ დიდ სამშენებლო მოედნად და მაშინ ჩვენი ეკონომიკა აიცილებს იმ ფართომასშტაბიან კრიზისს, რომელიც არის უნგრეთში, ლატვიაში, თურქეთში, რუსეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მთავარია სახელმწიფო იყოს ”პროაქტიული” და ”ინიციატივით აღჭურვილი”, რაც კერძო სექტორსაც დაუბრუნებს ”ეკონომიკურ ოპტიმიზმს”.

Civil.Ge © 2001-2024