აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ხელი მოეწერა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Jan.'09 / 21:10

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 9 იანვარს, ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას.

დოკუმენტი, რომელიც áƒáƒ áƒáƒ¡áƒáƒ•áƒáƒšáƒ“ებულო, დეკლარაციული ხასიათისაა, თანამშრომლობის მიმართულებებს áƒ’ანსაზღვრავს და საქართველოს áƒœáƒáƒ¢áƒ-ში მისწრაფებისადმი და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას ადასტურებს.

”საქართველო აშშ-ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია; ღირებული პარტნიორი. ჩვენი ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ეფუძნება საერთო ფასეულობებს... და ქარტია ხაზს უსვამს პრინციპებს და იმ გზას, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ურთიერთობები და თანამშრომლობა თავდაცვის, ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ხალხთა შორის კონტაქტისა და კულტურათა გაცვლის სფეროებში,”- განაცხადა რაისმა ხელმოწერის ცერემონიის წინ.

”აშშ მხარს უჭერს და ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც მის ევროატლანტიკურ მისწაფებას,”- განაგრძო მან, ”ვიცი, რომ ეს ქარტია დაეხმარება ორ ერს თანაზიარი მიზნების განხორციელებაში უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული და აყვავებული მსოფლიოს შექმნის კუთხით”.

”ეს ისტორიული დღეა ჩემი ქვეყნისთვის,”- განაცხადა ვაშაძემ, ”ქარტია... აძლიერებს ახლო სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის და აღნიშნავს, რომ ქვეყნები, ამ ლეგალური ინსტრუმენტის ხელმოწერით, იზიარებენ სასიცოცხლო ინტერესებს ძლიერ, აყვავებულ, დამოუკიდებელ, სუვერენულ, ტერიტორიულად გამთლიანებულ საქართველოზე. ეს ისაა, რისკენაც ქართველი ერი მიისწრაფის და რაც მიიყვანს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში”.

ქარტიის ხელმოწერამდე რამდენიმე საათით ადრე ვაშაძემ განუცხადა ჟურნალისტებს ვაშინგტონში, რომ დოკუმენტი აშშ-ის რესპუბლიკურ ადმინისტრაციას და საქართველოს მთავრობას შორის მოლაპარაკებების შედეგია. თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ იმდენად რამდენადაც ამ ადმინისტრაციას ინფორმირებული ჰყავს ახალი ადმინისტრაცია ”ყოველი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯის შესახებ, ეს ქარტია შეთანხმებულია ასევე ახალ ადმინისტრაციასთანაც”. ”მე ვერ გეტყვით ზუსტად ვისთან, რადგან არ მინდა ამ დეტალებზე საუბარი,”- დასძინა მან.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ ტელეკომპანია ”იმედს” განუცხადა, რომ ქარტია არ არის ”უსაფრთხოების გარანტია”.

”უსაფრთხოების გარანტიები ნატოს წევრობასთან ერთად მოვა,”- განაცხადა áƒ‘რაიზამ.

ქარტიაში ნათქვამია, რომ ”საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავება წარმოადგენს საერთო პრიორიტეტს და ჩვენ ვგეგმავთ უსაფრთხოების სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის პროგრამის წამოწყებას, რომლის მიზანია საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოს წევრობისათვის მომზადება”.

იხსენებს რა საქართველოსა და რუსეთის მიერ 12 აგვისტოს აღებულ ვალდებულების ”ძალის არ გამოყენების შესახებ”, ქარტია ამბობს, რომ ”ამერიკის შეერთებულ შტატები და საქართველო გეგმავენ გააფართოვონ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის პროგრამების ფარგლები, ამ საფრთხეების აღმოფხვრისა და მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ხელის შეწყობის მიზნით”.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით დოკუმენტში ნათქვამია, რომ ორი ქვეყანა აპირებს ”შესწავლილ იქნეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადების შესაძლებლობა” და ”შეიქმნას ახალი სამხრეთული დერეფანი, რომელიც დაეხმარება საქართველოს და დანარჩენ ევროპას აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან იმპორტის უზრუნველყოფით მოახდინონ ბუნებრივი აირის მომარაგების დივერსიფიკაცია”.

დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით ორ ქვეყანა მზადაა ითანამშრომლოს, რათა ”ხელი შევუწყოთ დამოუკიდებელ მედიას, გამოხატვის თავისუფლებას და ობიექტური ახალი ამბებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მათ შორის ჟურნალისტებისა და მედიისათვის დახმარების გაწევის გზით”. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს კანონის უზენაესობის გამტკიცებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდას.

გამოხმაურება

ქარტიას ძირითადად მიესალმნენ ქართული პოლიტიკური პარტიები, თუმცა ზოგიერთებმა განაცხადეს, რომ არ იყო საჭიროს ამ საკითხის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვა.

”რაც უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ექნება საქართველოს აშშ-სთან, რესპუბლიკური პარტია ამას მხოლოდ მიესალმება, ”- განუცხადა Civil.ge-ს თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ამ პროცესში მეტი გამჭირვალეობა იყო საჭირო.

კონსერვატიული პარტია ასევე მოუწოდებდა ამ დოკუმენტის ხელმოწერის ირგვლივ გამჭირვალეობისაკენ. მათ მოითხოვეს საქართველოს მთავრობისაგან ქარტიის ტექსტის ხელმოწერამდე გამოქვეყნება.  საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ამერიკული მხარის თხოვნა იყო, რომ ტექსტი მხოლოდ მისი ხელმოწერის შემდეგ გამხდარიყო საჯარო. დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ქარტია არ საჭიროებს რატიფიცირების პროცედურებს და ხელმოწერის წინ საზოგადოებრივ განხილვებს.

”ჩვენ გავაპროტესტეთ ამ დოკუმენტის გასაიდუმლოება,”- განუცხადა კონსერვატორმა კახა კუკავამ Civil.ge-ს 9 იანვარს, ” ვფიქრობ, ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიმართ პროპაგანდისტული ჟესტი აშშ-ის მთავრობის მხრიდან, რომელიც რამოდენიმე დღეში ტოვებს ხელისუფლებას. ამასთან, ეს ქარტია არის დეკლარაციული ხასიათის დოკუმენტი, რომელიც რაიმე იურიდიულ ვალდებულებებს არ გულისხმობს”.

სალომე ზურაბიშვილმა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ოპოზიციური პარტია საქართველოს გზის ლიდერმა დოკუმენტის მნიშვნელობა ასევე დააკნინა და განაცხადა, რომ აშშ-ის წამსვლელ ადმინისტრაციასთან ამ შეთანხმებას მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგები ვერ მოჰყვება. ”არჩეული პრეზიდენტის ბარაქ ობამას საინაუგურაციო სიტყვაში საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის მოხსენიებას უფრო მეტი მნიშვნელობა ექნება, ვიდრე ამ დოკუმენტს,”- განაცხადა მან დეკემბერში.

დეპუტატმა პეტრე მამრაძემ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მიერ ახლადდაფუძნებული პარტია მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი პარტია მიესალმება ქარტიის გაფორმებას.

”ჩვენი პარტია მხოლოდ დადებითად აფასებს ამ ქარტიის გაფორმებას, განსაკუთრებით იმ ასპექტში, რომ ქართული მხარე კისრულობს დემოკრატიზაციის უფრო მეტად განვითარების ვალდებულებას,”- განუცხადა მან 9 იანვარს Civil.ge-ს. თუმცა ასევე აღნიშნა, რომ არ იყო ხელისუფლების მხრიდან დოკუმენტის ხელმოწერამდე მისი ზედმეტად ”გაპიარება” საჭირო. მისი თქმით, ”ჭარბი გაპიარების დროს” რუსეთის გაღიზიანების საფრთხე არსებობს.

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა დეკემბერში, რომ მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლება ქარტიაში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე აკეთებს ძირითად აქცენტებს, ის ასევე შეიცავს დემოკრატიზაციისკენ მოწოდებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ ქარტიის გაფორმება სახელმწიფოებრივი პერსპექტივის თვალსაზრისით საინტერესო და კარგი მოვლენაა. თუმცა მან ასევე უთხრა Civil.ge-ს: ”არ მინდა, რომ ქართულ საზოგადოებას ამ ქარტიის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინები გაუჩნდეს, რომ მხოლოდ ამ დოკუმენტშია ხსნა”.

ქრისტიან-დემოკრატები, რომლებიც საპარლამენტო უმცირესობის ბირთვს შეადგენენ, აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმებას რეგიონში სტაბილურობის გარანტიად აფასებენ. პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დეკემბერში განაცხადა, რომ ქარტია უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად, ”საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობასაც ზრდის”. ნიკა ლალიაშვილმა, დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატებიდან 8 იანვარს განაცხადა, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვანია, თუმცა ის არ ატარებს სავალდებულო ხასიათს და ზედმეტი მოლოდნები არ უნდა გაჩნდეს მის ირგვლივ.

ლეიბორისტული პარტია იყო ერთადერთი, რომელმაც ამ საკითხზე კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა და განაცხადა, რომ ამგვარი დოკუმენტი საქართველოს ”მეგასახელმწიფოებს შორის ღია სამხედრო აგრესიის ეპიცენტრად” აქცევს. ლეიბორისტებმა დეკემბერში გააკეთეს განცხადება, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ნატოში ინტეგრაციის გეგმებზე.

Civil.Ge © 2001-2024