თბილისის მერი ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Jan.'09 / 12:44

თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ხელისუფლება საერთოდ არ განიხილავს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს, როგორც ამას ოპოზიციური პარტიების უმეტესობა მოითხოვს.

პრეზიდენტ სააკაშვილის მსგავსად, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ”ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როდესაც ფული არ არის ქვეყანაში, თითოეული კაპიკი უნდა დაიხარჯოს ხალზე და არა პოლიტიკოსების საქმიან მოწყობაზე”. 

”აქედან გამომდინარე, ხელისუფლება არც გეგმავს, არც განიხილავს არავითარი არჩევნების დანიშვნას,” - განაცხადა უგულავამ 11 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველკვირეულ გადაცემაში ”პოლიტიკური კვირა” საუბრისას. ”შემდეგი არჩევნები არის ადგილობრივი და 2010 წელს ჩატარდება. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ არჩევნებზე უნდა გვახსოვდეს, რომ არჩევნები არის ძალიან ძვირი ფუფუნება და ყოველ წელს არ შეიძლება ტარდებოდეს არჩევნები. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩაატარებთ არჩევნებს და გამოვა იგივე ხალხი და იგივე უკმაყოფილებას გამოხატავს და ჩვენ ვიქნებით ციყვივით, რომელიც ერთ ბორბალში ტრიალებს. საზოგადოებას ამ შეურაცხყოფას ნამდვილად არ მივაყენებთ, იმიტომ რომ ის მწირი შესაძლებლობები, რაც არის დღეს, უნდა იყოს მიმართული ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად და არა იმ ხალხის სამსახურში მოსაწყობად, რომელთაც ამ სამსახურზე, ხალხის სამსახურზე, დეპუტატობაზე უარი თქვეს”.

Civil.Ge © 2001-2024