ალასანია: სააკაშვილი უნდა გადადგეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Jan.'09 / 11:24
  • არ გამორიცხა პრეზიდენტად კენჭისყრა;
  • საკუთარი ”პოლიტიკური გუნდი” ეყოლება;
  • რესპუბლიკელებთან და ახალ მემარჯვენეებთან დაახლოებული პოზიციები;
  • საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრობაზე უარი თქვა.

საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ”ქვეყნის არსებული კრიზისიდან გამოყვანის მიზნით” ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

”ვუცხადებ სრულ სოლიდარობას ოპოზიციის ერთი ნაწილის მოთხოვნას ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე,” - განაცხადა ალასანიამ 25 იანვარს  საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ”პოლიტიკური კვირა” საუბრისას.

”სააკაშვილი არა მხოლოდ იმიტომ უნდა გადადგეს, რომ მან პროვოკაციულ ომში ჩართო ქვეყანა, არამედ იმიტომ, რომ მას არ აქვს საშუალება გამოიყვანოს ქვეყანა დღეს შექმნილი კრიზისიდან, სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან,” - განაცხადა ალასანიამ, ”მან დაკარგა ნდობა, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის მოსახლეობაშიც; აქედან გამომდინარე, მოსახლეობას უნდა მიეცეს ახალი არჩევანის უფლება, რომელიც აირჩევს ხელისუფლებას, რომელსაც აქვს ნდობა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და ასევე აქვს შესაძლებლობა რეალურად დაიწყოს დიალოგის წარმართვა რუსეთის ფედერაციასთან. ეს სამი მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი”.

გადაცემის წამყვანის ინგა გრიგოლიას კითხვაზე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში იყრის თუ არა ის კენჭს, ალასანიამ უპასუხა: ”ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი; ჩვენ უნდა ვიგრძნოთ საზოგადოების გულისცემა ... პოლიტიკაში არაფერია გამორიცხული”.

დეკემბერში, როდესაც მან პირველად ისაუბრა მისი გადადგომის მიზეზებზე, ალასანიამ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, თუმცა არ დააკონკრეტა რომელი არჩევნების ჩატარებას ემხრობოდა - საპარლამენტოს თუ საპრეზიდენტოს. მაშინ მან ასევე განაცხადა, რომ იგი კონსულტაციებს მართავდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან, თუმცა ვერ დააკონკრეტა რომელ პარტიებთან აპირებდა თანამშრომლობას.

23 იანვარს სატელევიზიო ინტერვიუს დროს მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იგი არ აპირებს ცალკე ”პოლიტიკური პარტიის” ჩამოყალიბებას, თუმცა იქვე დასძინა, რომ იგი ძალიან მალე აპირებს საკუთარი ”პოლიტიკური გუნდის” წარდგენას საზოგადოებისთვის.   

”ამის პარალელურად,” - განაგრძო მან, ”ჩვენ ფაქტიურად კონსულტაციების დასკვნით  ეტაპზე ვართ პოლიტიკურ სპექტრთან თანამშრომლობის ფორმებზე”.

”ასევე პოზიციების ძალიან დაახლოება არის როგორც რესპუბლიკელებთან, ასევე ახალ მემარჯვენეებთან, და ასევე ეროვნულ ფორუმთან, რომელთანაც გვაქვს დიალოგი და ეს გაგრძელდება, ასევე ოპოზიციურ ალიანსთან, ლევან გაჩეჩილაძესთან,” - დასძინა ალასანიამ.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები ”არ ერთიანდებიან ვინმეს წინააღმდეგ”, არამედ ”ერთიანდებიან იმ სტრატეგიის გარშემო, თუ როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან”.

კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია მას ვადამდელი არჩევნების მიღწევა, მაშინ როდესაც ხელისუფლება კატეგორიულ უარზეა, ალასანიამ უპასუხა, რომ ამისთვის პირველ რიგში საჭიროა ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი და ხალხის ნება.

”თუ არ შედგა კონსენსუსი მოქალაქეებს შორის, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება და რომ საქართველოში გარდამტეხი ცვლილებებია საჭიროა... მაშინ ვერც ერთი პოლიტიკური ჯგუფი ამ ცვლილებას ვერ განახორციელებს,” - განაცხადა ალასანიამ.

შემდეგ მან განაგრძო, რომ ხალხის ამგვარი ნება უნდა გამოიხატოს ”კონსტიტუციური გზით და ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს რეფერენდუმი”.

”სხვა ფორმებიც არსებობს, მათ შორის მიტინგებიც,” - განაცხადა ალასანიამ. ”ბუნებრივია, თუ პოლიტიკურ ბრძოლას ეს დასჭირდა, რა თქმა უნდა, მიტინგზეც უნდა მიხვიდე და ხალხს შენი უთხრა”.

სატელევიზიო ინტერვიუში ალასანიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა ელჩის თანამდებობიდან მისი გადადგომის მიზეზებზე. მან საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა რუსეთის პროვოკაციაზე წამოგების და ქვეყნის ომში ჩათრევის გამო.  

დეკემბერში ოპოზიციაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილებაზე თავისი პირველი განცხადების გაკეთების შემდეგ, რასაც მოყვა მთელი რიგი კონსულტაციები ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან, ალასანიამ თითქმის მთელი იანვარი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა, რომლის დროსაც ის გაეროში საქართველოს მისიის მომდევნო ხელმძღვანელისთვის ალექსანდრე ლომაიასთვის გადაცემასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე მუშაობდა. ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ში ყოფნის დროს მას "კონსულტაციები" ჰქონდა როგორც ყოფილ, ისე ახალ ადმინისტრაციებთან.

ალასანიამ ასევე განაცხადა, áƒ áƒáƒ› 5 დეკემბერს, გადადგომიდან ერთ დღეში, მას დაუკავშირდნენ პრეზიდენტის ”კაბინეტიდან” და საგარეო საქმეთა მინისტრის ან თავდაცვის მინისტრის თანამდებობები შესთავაზეს, áƒ áƒáƒ–ეც მან უარი განაცხადა.

Civil.Ge © 2001-2024