ვაშაძე: თბილისი არ გადაკვეთს ”წითელ ხაზებს” ეუთოს მისიასთან მიმართებაში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Jan.'09 / 15:09

საქართველოში ეუთოს მისიის შენარჩუნება მნიშვნელოვანია თბილისისთვის, მაგრამ ”ყველა ფასად არა, რა თქმა უნდა”, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 26 იანვარს.

”ჩვენ ჩვენი წითელი ხაზები გვაქვს, რომელსაც არ გადავკვეთ,” - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე, ”და არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ გავაკეთებთ არაფერს ისეთს, რომ ეუთოს ან გაეროს მანდატმა თუნდაც პატარა ლეგიტიმაცია მისცეს საოკუპაციო რეჟიმის მერ შექმნილ მარიონეტულ ე.წ. მთავრობებს [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში]”.

მისი თქმით, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, საბერძნეთი განაგრძობს მცდელობებს ”ყველა მონაწილე სახელმწიფოსთვის მისაღები ფორმულის მოსაძებნად, რათა შენარჩუნდეს ეუთოს მისია.”

დეკემბერში რუსეთმა ეუთოს 16-წლიანი მისიის მანდატის გაგრძელება დაბლოკა. შედეგად, ამჟამად მისია დახურვის ფორმალურ პროცედურებს გადის. მოსკოვი დაჟინებით ითხოვდა ახალ მანდატს მისიისთვის, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ გაჩენილ ახალ რეალობას ასახავდა. რუსი დიპლომატები მოითხოვდნენ  ეუთოს ცალკე მისიას სამხრეთ ოსეთში, რომელიც თბილისის ოფისისგან სრულიად დამოუკიდებელი იქნებოდა.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დორა ბაკოიანისმა 21 იანვარს მოსკოვში თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანამ, საბერძნეთმა წინადადებების ახალი პაკეტი მოამზადა საქართველოში ეუთოს მისიის დარჩენასთან დაკავშირებით, რომელიც არ კვეთს მხარეთა ”წითელ ხაზებს”

ერთობლივ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ეს წინადადებები ”მიდის რეალისტური მიმართულებით” და დასძინა, რომ რუსეთი მზად არის იმუშავოს ამ კუთხით. მან ასევე განაცხადა, რომ ეს წინადადებები ითვალისწინებს იმ დე ფაქტო და დე იურე რეალობებს, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა.

შარშან დეკემბერში ფინეთმა, როგორც ეუთოს მაშინდელმა თავმჯდომარე ქვეყანამ, მოამზადა წინადადებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა პარალელური, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საველე ოფისების გახსნას საქართველოსა და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში. საველე ოფისებს უხელმძღვანელებდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი, რომლის შტაბბინაც ვენაში იქნებოდა. ეს წინადადება რუსეთმა უარყო.  

Civil.Ge © 2001-2024