საქართველოს დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Feb.'09 / 13:34

დღეს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით ჟენევაში გაემგზავრა, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი 17-18 თებერვალს გაიმართება.

თბილისი იმედოვნებს, რომ წინა შეხვედრებისაგან განსხვავებით, ამ შეხვედრაზე მოხერხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან ინციდენტების აღკვეთის და მათი გამოძიების მექანიზმებზე შეთანხმება.

”ჟენევის მოლაპარაკება ეს არის ფაქტიურად ერთადერთი ეფექტური ფორმატი დიალოგის, რომლის ფარგლებში ხდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხების განხილვა,” - განაცხადა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ. 

მისი თქმით, თბილისი ”დიდი პასუხისმგებლობით” და ”კონსტრუქციულობის სურვილით” უდგება ჟენევის შეხვედრებს და ანალოგიური მიდგომისკენ მოუწოდებს რუსულ მხარესაც.

ჟენევის მოლაპარაკებები ეუთოს, ევროკავშირის და გაეროს ეგიდით იმართება და მასში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის და აშშ-ის, ასევე სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლები.

 

Civil.Ge © 2001-2024