ბურჯანაძე საპარლამენტო არჩევნების, რეფერენდუმის წინააღმდეგ აფრთხილებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Feb.'09 / 18:16

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პარტია დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის წინააღმდეგ აფრთხილებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის გადადგომის მისაღწევად ერთადერთი გზა არის საზოგადოების ცოცხალი ძალის დემონსტრირება. 

17 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ბურჯანაძის პარტია აცხადებს, რომ ხელისუფლება თავის გადარჩენის მიზნით ცდილობს დროის მოგებას, რისი ”წინასწარ დამუშავებული სცენარი” შეიძლება იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ან რეფერენდუმი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე.

”ორივე ეს გზა ცალსახად არის ხელისუფლების ლეგიტიმაცია 2013 წლამდე, მაშინ, როდესაც ამ ხელისუფლების ყოფნის ყოველი ახალი დღე ქვეყნისთვის დამატებითი საფრთხის შემცვლელია,”- ნათქვამია განცხადებაში.

ბურჯანაძის პარტიაში ფიქრობენ, რომ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, ხელისუფლება კონტროლირებადი მედიითა და არსებული ადმინისტრაციული რესურსებით  უზრუნველყოფს ოპოზიციური პარტიების ჯამურ გამარჯვებას და ამცნობს მსოფლიოს ”დემოკრატიული არჩევნების” თაობაზე, რაც ”იქნება იგივე ფარსი, რაც 2008 წლის არჩევნები” - ეს სცენარი კი გამორიცხავს პრეზიდენტის იმპიჩმენტის გზით გადაყენების შესაძლებლობას.

ბურჯანაძის ვარაუდით, ამავე მექანიზმებით იქნება რეალიზებული რეფერენდუმის ჩატარება, ”იმ განსხვავებით, რომ მოიგებს ხელისუფლება ოდნავი უპირატესობით”.

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარების იდეა პირველმა გაეროში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ირაკლი ალასანიამ 25 იანვარს გაახმოვანა, თუმცა მან ასევე არ გამორიცხა ”მიტინგების” გზით ბრძოლის ფორმაც. მოგვიანებით, რეფერენდუმის იდეას ასევე მიესალმა ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე, რომელიც რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური პარტნიორია.

ნინო ბურჯანაძის პარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზაა ”პირდაპირი დემოკრატია”, რაც საპროტესტო აქციების გზით ხელისუფლების შეცვლას გულისხმობს.

”საქართველოს საზოგადოება უნდა წარსდგეს ხელისუფლების წინაშე და ”ცოცხალი“ ხელის აწევით დაადასტუროს თავისი ურყევი ნება ამ უუნარო და უპერსპექტივო რეჟიმის შეცვლასთან და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის აუცილებლობასთან დაკავშირებით, რაც უარყოფას არ დაექვემდებარება,”- აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის პარტია.

ამ მიზნის გარშემო ბურჯანაძე ”ყველა რაციონალურ ძალას” გაერთიანებისაკენ  და რეალური კოორდინაციისაკენ მოუწოდებს. ”შემდგომ, საქართველოს საზოგადოება თავად გადაწყვეტს, ვინ შეიძლება გონივრულად წარუძღვეს ქვეყანას, როგორი კონსტიტუცია და სახელმწიფო მოწყობა არის მისაღები,”- ნათქვამია განცხადებაში.

იმავდროულად, ნინო ბურჯანაძემ დღეს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან რობერტ სიმონსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ხელისუფლების პოლიტიკამ და აგვისტოს ომმა საქართველო გაურკვეველი ვადით დააშორა ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას.

”ყველა წევრ სახელმწიფოს ძალიან კარგად ესმის, რომ საქართველოში დემოკრატიის არსებობის დღევანდელი დონე ახლოსაც არ არის იმ სტანდარტებთან, რაც თუნდაც რამდენიმე წლის წინ იყო,”- განაცხადა ბურჯანაძემ. 

Civil.Ge © 2001-2024