ევროკავშირი ბელარუსს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების წინააღმდეგ აფრთხილებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Feb.'09 / 13:30

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების წინააღმდეგ გააფრთხილა, იტყობინება ”როიტერი” ევროკომისიის უცნობ წყაროზე დაყრდნობით.

სოლანა ლუკაშენკოს მინსკში 19 თებერვალს შეხვდა.

ევროკომისიის უცნობმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ეს ის პირობაა, რომლის შესრულებაც ლუკაშენკოს მოუწევს მაისში ევროკავშირის ლიდერებთან დაგეგმილ áƒ¨áƒ”ხვედრამდე, იტყობინება ”როიტერი”.

ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი სამიტის გამართვას ბელარუსის, უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მონაწილეობით 7 მაისს გეგმავს.   

აღმოსავლეთის პარტნიორობა მიზნად ისახავს ამ ქვეყნებში ევროკავშირის პოლიტიკური ჩართულობის განახლებას მთელ რიგ სფეროებში, მათ შორისაა ასოცირებული შეთანხმებების პერსპექტივები, ეკონომიკური ინტეგრაცია და გამარტივებული სავიზო პირობები ევროკავშირთან.

 

 

 

Civil.Ge © 2001-2024