თარგამაძე: ეკონომიკური პრობლემების მოგვარების გზა დესტაბლიზაციაზე არ გადის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Mar.'09 / 18:58

ქრისტიან-დემოკრტების და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნის რადიკალიზაცია მისთვის მიუღებლი რევოლუციური გზაა და ქვეყანა აღარ უნდა აღმოჩნდეს ახალ ქაოსში ჩართული გაზრდილი საგარეო რისკების ფონზე.

”რუსეთი ეცდება, თავის გასაკეთებელი საქმე რამენაირად თავად გაგვაკეთებინოს და ერთმანეთს გადაგვკიდოს, სამოქალაქო-პოლიტიკური დაპირისპირება სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რისი მაგალითიც საქართველოში არაერთხელ გვქონია,”- განაცხადა მან გაზეთ ”ვერსიის” დღევანდელი ნომრისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, დღეს ხელისუფლების დაჩქარებული წესით წასვლის რესურსი არ არსებობს. განსხვავებით ”ვარდების რევოლუციის” წინა პერიოდის შევარდნაძის ხელისუფლებისაგან, როდესაც ყველა სტრუქტურა კონტროლიდან იყო გამოსული, მისი თქმით, სააკაშვილი დღეს ამგვარი პრობლემის წინაშე არ დგას, რადგან მისი ხელისუფლებიდან წასული ადამიანები არ ყოფილან ”რამე განმსაზღვრელი გავლენის მომხდენნი გადაწყვეტილების მიღებისას".

"მტკიცება - ახლა, 9-ში, 10-ში და ა.შ. თუ არ ვუშველეთ დემოკრატიას და არ გადავარჩინეთ სახელმწიფო, მერე გვიანი იქნება, - ეს არის გზა რევოლუციისკენ,”- განაცხადა თარგამაძემ, ”ჩვენც მიგვაჩნია, რომ სააკაშვილია პრობლემის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ჩვენი  ტაქტიკა რადიკალური ოპოზიციისგან იმით განსხვავდება, ამოცანათა ჩამონათვალში სააკაშვილის წასვლა პირველი არ გვაქვს დაყენებული. ეს იქნება ობიექტური და გარდაუვალი შედეგი იმ ცვლილებებისა, რომელიც ქვეყანაში უნდა განხორციელდეს”.

მისი თქმით, დღეს ქართული საზოგადოება გაცილებით ადეკვატურად აფასებს  საფრთხეს, ვიდრე ქართული პოლიტიკური სპექტრი.

”ამ ეტაპზე ეკონომიკური კრიზისია და ყველა გონიერი ქართველი ხვდება, რომ შექმნილი ეკონომიკური პრობლემების მოგვარების გზა დესტაბილიზაციაზე არ გადის,”- აღნიშნავს ის ინტერვიუში.

რუსული საფრთხე და ეკონომიკური კრიზისი ის არგუმენტებია, რასაც ხელისუფლება ყველაზე ხშირად იყენებს ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ.

 

Civil.Ge © 2001-2024