არმიის მომზადების დოქტრინა შეიცვალა - სააკაშვილი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Mar.'09 / 19:35

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 11 მარტს, რომ ქართული არმიის მომზადებისას მეტი ყურადღება დაეთმობა მშვიდობის დაცვას.

”დღეს ჩვენ გადავდივართ სამხედრო თანამშრომლობის სრულიად სხვა ეტაპზე, ყველაზე უფრო წარმატებულ არმიებთან მსოფლიოში. თუ ადრე ეს იყო უბრალოდ საქართველოს მომზადება სამშვიდობო ოპერაციებისთვის, პოლიციური ფუნქციებისთვის, საქართველოს ჯარი მოემზადება გაათმაგებული ტემპით იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა - არა ომისთვის, არამედ იმისთვის, რომ აღარავინ აღარ სცადოს ომი; არა არეულობისთვის, არამედ იმისათვის, რომ აღარავინ აღარ სცადოს არეულობა; არა ეკონომიკური ზრდის შეჩერებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა იყოს დაცული და საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები, სამუშაო ადგილების შექმნა ატარებდეს შეუქცევად ხასიათს. ჩვენ ამ ამოცანას მივიყვანთ ბოლომდე და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა საბოლოოდ ამით ჩაბეტონდება,” - განაცხადა მან აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის ცერემონიაზე.

თებერვალში აშშ-ს ევროპული არმიის და მე-7 არმიის სარდალმა, გენერალმა კარტერ ჰემმა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მისი ევროპული სარდლობის მეშვეობით ეძებს გზებს, თუ როგორ დაეხმაროს ქართულ არმიას.

მისი თქმით, წინა წლებში აშშ-ს მიერ გაწერული მომზადება ძირითადად ერაყში ოპერაციების განსახორციელებლად საექსპედიციო შესაძლებლობების გაზრდას ემსახურებოდა.  ამ კონტექსტში, მან განაცხადა, რომ ამჟამად იმის შეფასება მიმდინარეობს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს დახმარების ”დოქტრინა, ჩვენი ტაქტიკა”.

 

 

Civil.Ge © 2001-2024