შეწყალების კომისია ორმა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად დატოვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Mar.'09 / 16:19

დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდან გიორგი ცაგარეიშვილმა და რომან მარსაგიშვილმა პატიმართა შეწყალების კომისია პროტესტის ნიშნად დატოვეს, რადგან, მათი თქმით,  სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალება მათი გვერდის ავლით განხორციელდა.

დეპუტატებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სასჯელაღსრულების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 12 მარტს დაადასტურა გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული შსს-ის ოთხი ოფიცრისათვის სასჯელის განახევრების ფაქტი იმ შეწყალების შედეგად, რომელიც პრეზიდენტმა 24 ნოემბერს განახორციელა. მინისტრის თქმით, ამ პირებს ჯერ საპატიმროები არ დაუტოვებიათ. შაშკინმა ასევე განაცხადა, რომ ეს შეწყალება საპარლამენტო ოპოზიციასთან შეთანხმებით განხორციელდა.

საპარლამენტო ოპოზიცია ანტიკრიზისული საბჭოს მეშვეობით აქტიურად იყო ჩართული შეწყალებისა და ამნისტიის ბოლო დროს განხორციელებულ პროცესებში. საბჭოს თავმჯდომარეს, დეპუტატ გია თორთლაძეს არაერთხელ წარმოუჩენია ეს პროცესი, როგორც ანტიკრიზისული საბჭოს წარმატებული საქმიანობის შედეგი.

”საპარლამენტო ოპოზიციას არანაირი შეხება არ აქვს იმ აქტთან, რომელიც განხორციელდა ამ ადამიანების მიმართ,”-  განაცხადა თორთლაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

დეპუტატმა ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მან, როგორც შეწყალების კომისიის წევრმა, არაფერი იცოდა გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების áƒ¨áƒ”წყალების თაობაზე, რადგან, მისი თქმით, პრეზიდენტს გააჩნია ექსკლუზიური უფლებამოსილება ამ კომისიის გვერდის ავლით შეიწყალოს პატიმრები.

”ახლა ვხვდები რატომ არ გადმოგვეცა  ჩვენ შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეწყალებულთა სია,”- განაცხადა 13 მარტს ცაგარეიშვილმა. იგი ნოემბერში აცხადებდა, რომ ”არცერთი მკვლელი შეწყალებული არ არის”.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ ასევე განაცხადა, რომ მანაც არაფერი იცოდა ამ შეწყალების თაობაზე და ამის შესახებ მხოლოდ 12 მარტს შეიტყო. ”ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს ამბავი,”- განაცხადა მან.

ამავე კომისიის წევრმა, დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ ამ ოთხი მსჯავრდებულის შეწყალება იყო ომის შემდგომ პერიოდში სამხედრო წოდების მქონე მსჯავრდებულების მიმართ ლიბერალური მიდგომის ნაწილი, თუმცა ”ყველაზე მკაცრი მიდგომა იყო მათთან [გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებთან] მიმართებაში”.  იმავდროულად, მან განაცხადა, რომ შეწყალების კომისიას ამ პირებზე არ უმსჯელია.

Civil.Ge © 2001-2024