ბრაიზა ამერიკული ბაზების მასპინძლობის საქართველოს მზადყოფნაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Mar.'09 / 19:23

თბილისში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა 14 მარტს, რომ ”ჩვენ მადლიერი ვართ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ”ძალიან დიდსულოვანი განცხადებისა” იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მზად არის უმასპინძლოს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს.

თუმცა, მან იქვე დასძინა: ”ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენ განვიხილავთ იმას, თუ როგორ განვახორციელოთ ჩვენი ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ საქართველოს გადახედოს თავის სტრატეგიულ სამხედრო დოქტრინას და ხელახლა ააშენოს თავისი სამხედრო ძალები და დააკმაყოფილოს ნატოში შესასვლელად საჭირო კრიტერიუმები”.

თბილისში საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ბრაიზამ განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული ”შემოჭრის” შემდეგ ახლა საჭიროა, რომ საქართველომ გადახედოს და შეიმუშავოს უსაფრთხოების დოქტრინა, რომელიც მისი ტერიტორიის დაცვაზე იქნება ორიენტირებული, რის გაკეთებასაც მხოლოდ ქართველი ჯარისკაცები შეძლებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განუცხადა იაპონურ პრესას მიმდინარე კვირას, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა განხილული ამერიკული ბაზების საქართველოში განთავსების საკითხი, საქართველო მზად არის უმასპინძლოს მათ ვაშინგტონის თხოვნის შემთხვევაში.

 

 

Civil.Ge © 2001-2024