ბარამიძე: გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულთა ვადის განახევრება ”დიდი შეცდომა” იყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Mar.'09 / 11:10

სახელმწიფო მინისტრმა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული შსს-ის ოთხი ოფიცრისათვის სასჯელის განახევრება ”დიდი პოლიტიკური შეცდომა” იყო.

16 მარტს ტელეარხ ”მაესტროს” გადაცემაში ”უცნობი-კავკასია” საუბრისას მან ასევე განაცხადა, რომ იგი გაკვირვებულია, თუ რატომ არ დაფიქრდა ამ გადაწყვეტიელიბის მიმღები სანამ ამას გააკეთებდა.

გასულ კვირას დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიგი წერეთელმა, რომელიც პარლამენტის ვიცე-სპიკერია, განუცხადა ტელეკომპანია ”კავკასიას”, რომ მისი აზრით, ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება.

შსს-ს ოთხ ყოფილ თანამშრომელს სასჯელი იმ შეწყალების შედეგად გაუნახევრდა, რომელიც პრეზიდენტმა 2008 წლის 24 ნოემბერს განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ დაუდასტურებელი ინფორმაცია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, ოფიციალურად იგი მხოლოდ გასულ კვირას დაადასტურა სასჯელაღსრულების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.

2006 წლის ივლისში სასამართლომ გია ალანიას და შსს-ის სამ ყოფილ თანამშრომელს რვა და შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდა ზიანის მიყენებისთვის, რამაც 28 წლის სანდრო გირგვლიანის სიკვდილი გამოიწვია. თუმცა, ერთი წლის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ მათ სასჯელის ვადა ექვსი თვით შეუმცირა.

გირგვლიანის ოჯახი, ადამიანის უფლებათა დამცველები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამ ადამიანებს მკვლელობის ”შემსრულებლებს” უწოდებდნენ და ითხოვდნენ  მკვლელობის ”დამკვეთების” დასჯას, რაშიც მათი ინფორმაციით,  შსს-ს ზოგიერთი მაღალჩინოსანი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლე იყვნენ ჩართული. თუმცა, მათი თქმით, ოფიციალურმა გამოძიებამ დამალა ამის დამადასტურებელი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.

Civil.Ge © 2001-2024