გიორგი თარგამაძე: დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Mar.'09 / 18:02

საპარლამენტო უმცირესობის და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს შორის ”დიალოგს, კონსენსუსს და შეთანხმებას” ალტერნატივა არ გააჩნია.

”ჩვენ კმაყოფილი ვართ, რომ მარტოები აღარ ვართ ამ ინიციატივებში და დიალოგზე საუბარი სულ უფრო ხშირად გაისმის, თვით არასაპარლამენტო ოპოზიციურ ფლანგზე, კონკრეტულად კი ამ შემთხვევაში ბატონი ირაკლი ალასანიას განცხადებები მაქვს მხედველობაში,”- განაცხადა მან დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, ”თუმცა ეს დიალოგი უნდა იყოს დატვირთული რეალური შინაარსით, უნდა მივიღოთ რეალური შედეგები და ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს ილუზია იმისა, რომ მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებით რაიმე გამოსავალი იქნება მიღწეული”.

25 მარტს ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ  ”გამოსავალი უნდა ვიპოვოთ ქართველებმა  - ოპოზიციის და ხელისუფლების დიალოგის გზით”.

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის პირობებზე.

იმავდროულად, გიორგი თარგამაძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ტრადიციონალისტთა კავშირის ლიდერთან აკაკი ასათიანთან ერთად საპარლამენტო რესპუბლიკის სისტემაზე გადასვლაზე მსჯელობის დაწყებისკენ მოუწოდა, განაცხადა, რომ აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები.

”მიგვაჩნია, რომ აუცილებლობას წარმოადგენს სისტემური, მათ შორის კონსტიტუციური ცვლილებები, რაც უნდა გამოიხატოს პრეზიდენტის ხელისუფლების შეზღუდვის ხარჯზე საპარლამენტო ხელისუფლების გაძლიერების კუთხით,”- განაცხადა მან.

Civil.Ge © 2001-2024