13 ოპოზიციური პარტიის ’ერთობის მანიფესტი’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Mar.'09 / 18:07

13-მა ოპოზიციურმა პარტიამ დააფიქსირა ერთობა 9 აპრილს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დაწყების ირგვლივ, რომლითაც უნდა იქნეს მიღწეული პრეზიდენტის თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა.

ერთობის მანიფესტი, რომელიც ოპოზიციონერმა ლიდერებმა 27 მარტს უზენაესი სასამართლოს შენობის წინ წარმოადგინეს, უერთდებიან: ალიანსი საქართველოსთვის - ირაკლი ალასანიას გუნდი, რესპუბლიკელები და ახალი მემარჯვენეები; ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო; საქართველოს გზა; კონსერვატიული პარტია; ხალხის პარტია; ალიანსი თავისუფლებისათვის  - პარტია თავისუფლება, ტრადიციონალისტთა კავშირი, მომავლის პარტია, ქალთა პარტია; ასევე მრეწველთა პარტია და ქრისტიან-დემოკრატიული ალიანსი (გიორგი კობახიძე). ერთობის დეკლარაციის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ ლევან გაჩეჩილაძე და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

”ეს ნიშნავს პასუხისმგებლობას, რომ ეს იქნება მშვიდობიანი აქცია და ეს ნიშნავს ერთობის დაფიქსირებას,”- განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ,”რადგან ეს პირველი განცხადება გაკეთდა, ყველაფერი იქნება შეთანხმებული”.

მანიფესტის პრეზენტაციას არ დასწრებიან ეროვნული ფორუმის, ლეიბორისტების და ზურაბ ნოღაიდელის მოძრობა სამართლიანი საქართველოსთვის წარმომადგენლები.

13 პარტია ადასტურებს, რომ 9 აპრილს დაწყებული აქციები იქნება მშვიდობიანი და წარიმართება კონსტიტუციურ ფარგლებში ქვეყნის მოსახლეობის ”დიდი ნაწილის ნების” გამოსახატავად.

პარტიები ასევე აცხადებს, რომ აქციაში მონაწილე საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების სამოქმედო გეგმები იქნება ერთმანეთთან შეთანხმებული და კოორდინირებული.

ამასთანავე, ახლანდელი ხელისუფლების ყველა იმ მომხრესა და წევრს, ვინც დროულად გაიზიარებს აპრილის აქციების სულისკვეთებას, ოპოზიციური პარტიები თავაზობენ ”თანამონაწილეობას თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში”.

”ბოლო პერიოდის მმართველობის განმავლობაში ხელისუფლებამ სახელმწიფოს განვითარება ჩიხში მოაქცია. ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისში იმყოფება,”- ნათქვამია მანიფესტში, ”ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა რეგულარულმა დარღვევამ, კერძო საკუთრების ხელყოფამ, დამოუკიდებელი სასამართლოს სრულმა დაკნინებამ, ბოლოს კი, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ დაგეგმილ და ინიცირებულ სამხედრო პროვოკაციაში ჩართვამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში ხელისუფლების მიმართ უნდობლობის გარდა, უიმედობა და ნიჰილიზმი გააღვივა”. 

ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით ერთადერთი, რაზეც ქვეყნის მომავლის გადასარჩენად ხელისუფლებასთან შეიძლება დიალოგი გაიმართოს, ეს არის მიხეილ სააკაშვილის გადადგომა.

”დიალოგი იმისთვის, რომ სააკაშვილი წავიდეს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს,”- განაცხადა მან, ”მშვიდობიანად და თავისუფლად რომ წავიდეს, უნდა მივიდეს რამდენიმე ადამიანი და უთხრას: ასე მოიქცევი, ასე იქნება; ისე მოიქცევი, ისე.  ყველა ვარიანტში ფინალი უნდა იყოს მისი წასვლა”.

Civil.Ge © 2001-2024