სააკაშვილი: რადიკალიზმის დრო არ არის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Mar.'09 / 11:07

სახელმწიფო ძლიერია და ის დაიცავს მშვიდობას და საზოგადოებას, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 მარტს, თან იქვე დასძინა, რომ ახლა დიალოგის დროა და არა ”რადიკალიზმის”.

”ჩვენ ბოლო წლებში ავაშენეთ სახელმწიფოებრიობა; ჩვენ შევქმენით ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც აქვს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და ახლა არ არის დრო ნგრევისა, ახლა არის დრო აშენებულის შენარჩუნებისა და ახლის შენების. ახლა არ არის რადიკალიზმის დრო, ახლა არის დიალოგის დრო. ახლა არ არის დრო არეულობისა და ურთიერთქიშპობის. ახლა არის დრო ერთიანობის,” - განაცხადა მან აბაშაში სტუმრობისას.

”არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ სახელმწიფო ოდნავ მაინც დასუსტებულია; საზოგადოება უნდა იყოს მშვიდად. ჩვენ დავიცავთ საზოგადოებას, ჩვენ დავიცავთ მშვიდობას საქართველოში, დავიცავთ ჩვენს განვითარებას და მსოფლიო კრიზისის ფონზე, შევინარჩუნებთ და განვავითარებთ საქართველოს ეკონომიკას,” - განაცხადა მან.

თავის განცხადებაში სააკაშვილმა ასევე ახსენა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელიც ნინო ბურჯანაძის პარტიის აქტივისტებს იარაღით უკანონო ვაჭრობაში ამხელს. მისი თქმით, ამგვარი ვიდეომასალა ინვესტორებს აფრთხობს.

”რა თქმა უნდა, ამგვარი საუბრები და ტელევიზიით ასეთი მასალის გაშვება სამუშაო ადგილების დაკარგვით მთავრდება. მაგრამ საბოლოოდ საქართველო მოახერხებს კრიზისთან გამკლავებას; საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია და საქართველოს განაგრძობს წინსვლას; ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,” - განაცხადა სააკაშვილმა.

თავის განცხადებაში სააკაშვილი ასევე შეეხო შეხვედრას, რომელიც კიევში ბადრი ბიწაძეს და რუსეთში მოქმედ მაგნატს შალვა ბრეუსს შორის შედგა. ეს უკანასკნელი ბათუმშია დაბადებული. ქართულმა ტელევიზიებმა მაშინვე აიტაცეს ეს ინფორმაცია, რომელიც პირველად უკრაინულ ვებგვერდზე grom.in.ua-ზე გამოქვეყნდა, და რომლის თანახმადაც შეხვედრას ასევე ესწრებოდა თეიმურაზ მომთაჯი, რომელიც ამავე ინფორმაციის თანახმად  კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო კალაშოვის ახლობელია. ეს უკანასკნელი ესპანეთში იხდის სასჯელს. áƒ˜áƒœáƒ¤áƒáƒ áƒ›áƒáƒªáƒ˜áƒáƒ¨áƒ˜ მინიშნება იმაზე კეთდებოდა, რომ 9 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქციების უკან შესაძლოა რუსეთი დგას. áƒ‘იწაძემ დაადასტურა, რომ შეხვედრა მართლაც შედგა, თუმცა უარყო, რომ იქ საქართველოს შიდა პოლიტიკა იქნა განხილული.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ახლა ერთობა სჭირდება ”იმიტომ ,რომ საქართველოს მტერს არა მარტო არ სძინავს, არამედ ჩასაფრებულია, რომელიც გვიგზავნის კალაშოვებს და მამტაჯებს”.

მან ასევე განაცხადა, რომ ”რევანშისტები ვერ შეძლებენ რამის შეცვლას საქართველოში, რადგანაც დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა; ახლა აღარ არის 1991”. 1992 წლის იანვარში შეიარაღებული ამბოხების შედეგად პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ჩამოაგდეს. 

Civil.Ge © 2001-2024