მმართველი პარტია ”რადიკალ” ოპოზიციონერებს დიალოგს სთავაზობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 Mar.'09 / 16:46

დღეს დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან წარმოადგინეს ის სამი მიმართულება, რაზეც ხელისუფლება მზადაა მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდეს, მათ შორის ოპოზიციის ”ყველაზე რადიკალურ ნაწილთან”.

13 ოპოზიციური პარტია 9 აპრილიდან იწყებს საპროტესტო აქციებს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით და აცხადებს, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე მიზანი არ იქნება მიღწეული.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ მმართველი პარტიიდან დეპუტატები და სასჯელაღსრულების მინისტრი, დემოკრატიული რეფორმების კოორდინატორი დიმიტრი შაშკინი, გამოხატა მზადყოფნა სამი ”უმნიშვნელოვანესი თემის” ირგვლივ წარიმართოს დიალოგი.

”პირველ რიგში, ეს არის ის, რომ დავძლიოთ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და შევქმნათ სამუშაო ადგილები ჩვენი ხალხისთვის;

მეორე თემა არის ის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები;

მესამე თემა არის ის, თუ როგორც განვახორციელოთ ერთობლივად დემოკრატიული, პოლიტიკური რეფორმა,”- განაცხადა ცისკარიშვილმა, ”ამ უკანასკნელის ფარგლებში ჩვენ მზად ვართ ოპოზიციასთან ვისაუბროთ და ვითანამშრომლოთ საკონსტიტუციო რეფორმის, საარჩევნო კოდექსის რეფორმის, სასამართლო რეფორმის და უფრო დემოკრატიული მედიის განვითარების საკითხებზე”.

თუმცა მან იქვე აღნიშნა: ”რა თქმა უნდა არ გვაქვს ილუზია, რომ ყველა საკითხზე შევძლებთ შეთანხმებას”.

”დარწმუნებული ვართ, რომ თანამშრომლობით და არა დაპირისპირებით, დიალოგით და არა გათიშულობით, ერთად შენებით და არა ნგრევით შევძლებთ გავამართლოთ ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია ჩვენი ხალხის წინაშე,”- დასძინა მან.

ხელისუფლების ამ შეთავაზებას დღეს ოპოზიცია არ გამოხმურებია, თუმცა ადრე გახმოვანებულ ანალოგიურ წინადადებებზე მათი პოზიცია იყო, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ სააკაშვილის თანამდებობიდან წასვლის პირობებზე.

Civil.Ge © 2001-2024