ოპოზიცია დიალოგზე ხელისუფლების წინადადებებს ”არაადეკვატურს” უწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Apr.'09 / 19:22

ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციური პარტიების მიმართ შეთავაზება დიალოგზე ”არაადეკვატურია” და ეს არის რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის და საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ნათქვამია არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაში.

მმართველმა პარტიამ ოპონენტებს დიალოგი სამი თემის - ეკონომიკური კრიზისის დაძლევა და დასაქმება; უსაფრთხოების საკითხები და დემოკრატიული რეფორმები - ირგვლივ 31 მარტს შესთავაზა.

”შექმნილ ვითარებაში, დიალოგის ერთადერთ საკითხად კვლავინდებურად ხელისუფლების მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით შეცვლა გვესახება და ამ საკითხზე საჯაროდ საუბრისთვის მზად ვართ მხოლოდ პირადად მიხეილ სააკაშვილთან, ”- ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ალიანსი საქართველოსთვის, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, საქართველოს გზა, კონსერვატიული პარტია, ხალხის პარტია და ლევან გაჩეჩილაძე.

დიალოგის წარმართვა სასჯელაღსრულების მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაევალა, რომელიც ამგვარი შეხვედრისკენ 2 აპრილისთვის მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს. იმავდროულად, 1 აპრილს დიმიტრი შაშკინი თბილისში აკრედიტიებულ უცხოელ დიპლომატებს შეხვდა და მათ ხელისუფლების წინადადებები გააცნო. შეხვედრის შემდეგ შაშკინმა განაცხადა, რომ იგი მზად არის ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან გამართოს მოლაპარაკებები, რომელიც დათანხმდება დემოკრატიული რეფორმების, მათ შორის შესაძლო საკონსტიტუციო რეფორმის განხილვაზე.

სავარაუდოდ, ამ მოწვევას დათანხმდება ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ქრტისტიან-დემოკატებიდან ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ახლა გამოყენებულ უნდა იქნას დიალოგის ყველა საშუალება. მისი თქმით, მას არ მიაჩნია ჭკვიანურად ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა, რადგანაც ეს საბაბს მისცემს მმართველ პარტიას განაცხადოს, რომ ოპოზიცია არ არის განწყობილი დიალოგისთვის.

1 აპრილს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია: ”სახალხო პლებისციტის შედეგებმა áƒ™áƒ˜áƒ“ევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მოქალაქეების მტკიცე ნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ხოლო ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს საზოგადოება პასუხს 9 აპრილს გასცემს,”- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადება ”სახალხო პლებისციტში” გულისხმობდა ალიანსი საქართველოსთვის მიერ განხორციელებულ კამპანიას, რომლის დროსაც ამომრჩევლებს ეკითხებოდნენ, სურდათ თუ არა მათ უახლოეს მომავალსივადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ალიანსი საქართველოს მიერ 23 მარტიდან გამოკითხული 402 803 მოქალაქიდან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას დადებითი პასუხი გასცა 86.52%-მა - 348 509-მა მოქალაქემ; ხოლო უარყოფითი 13.48 % - 54 394 -მა გამოკითხულმა. ეს არის არაფორმალური საერთო სახალხო ”პლებისციტის” შუალედური შედეგები, რომელიც ალიანსმა 31 მარტს გამოაქვეყნა. ირაკლი ალასანიას გუნდი, ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები გამოკითხვას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობენ, მათ შორის ”კარდაკარ” სიარულის გზით. მმართველი პარტიის დეპუტატებმა კამპანიის áƒ¡áƒáƒœáƒ“ოობა ეჭვის ქვეშ დააყენეს.

Civil.Ge © 2001-2024