ეგვიპტურ-ქართული კაპიტალით ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იგეგმება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Apr.'09 / 13:08

ეგვიპტური კომპანია Fresh ქართველ პარტნიონებთან ერთად ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას გეგმავს, რაშიც წელს 1.2 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლაშა ჟვანიამ.

მისი ინფორმაციით, საუბარია ქუთაისში 27 ჰექტარ მიწის ფართობზე 12 ქარხნის მშენებლობაზე, რომლებიც აწარმოებენ ტექსტილის, სხვადასხვა ელექტროსაქონელს და áƒ™áƒ”რამიკულ პროდუქციას.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობასა და ინვესტორებს შორის შეთანხმება 6 აპრილს გაფორმდება.

მინისტრის განცხადებით, პროექტის მეორე ეტაპზე  - დაახლოებით წელიწადნახევარში  - დაიწყება 2 მლრდ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიციის განხორციელება. მისივე თქმით, წელს მთავრობა 2 500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას, ხოლო მომავალი წლის ბოლოდან 15 ათას ადამიანამდე დასაქმებას ელის პროექტის ფარგლებში.

”ასეთი სახის ინვესტიცია საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა,”- განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

მისივე ინფორმაციით, კომპანია Fresh ეგვიპტეში ფლობს ცხრა ქარხანას და ექსპორტს ახორციელებს მსოფლიოს 52 ქვეყანაში, ხოლო მისი წმინდა მოგება შარშან შეადგენდა 950 მლნ აშშ დოლარს. ქუთაისში დაგეგმილი პროექტის ქართველი პარტნიორი იქნება ბიზნესმენი მიხეილ თიგიშვილი, რომელიც ბოლო 15 წლის მანძილზე აშშ-ში მოღვაწეობდა ბიზნესის სფეროში, განაცხადა ჟვანიამ.

Civil.Ge © 2001-2024