ოპოზიცია ზეწოლის გაგრძელებას აქციების გზით აპირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Apr.'09 / 21:00

ოპოზიციის ლიდერებმა განუცხადეს 9 აპრილს თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ისინი მთელ ღამეს გაათენებენ და მოუწოდეს მხარდამჭერებს პარასკევს დღის 3 საათზე ისევ შეიკრიბონ საპროტესტო აქციაზე.

”ღამით ვისაც შეუძლია დარჩეს აქ და ვისაც სურს წავიდეს,” - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ, ”მაგრამ ყოველდღე 3 საათზე გთხოვთ შევიკრიბოთ იმიტომ, რომ მოვლენები შესაძლოა სწრაფად განვითარდეს. ჩვენ [ოპოზიციის ლიდერები] განახებთ გამძლეობის და სიმტკიცის მაგალითს”.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ოპოზიციის ლიდერები დაელოდებიან ხელისუფლების პასუხს ულტიმატუმზე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე დღის 3 საათამდე და შემდეგ თავიანთი გეგმების შესახებ გააკეთებენ განცხადებას.

საპროტესტო აქციის პირველ დღეს რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, თუმცა ოპოზიციის მიერ დაპირებულ 100 000-ზე ნაკლები.

რაოდენობას ოპოზიციაც და ხელისუფლებაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ორივე თავიანთვის ხელსაყრელ ციფრებს ასახელებს.

ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებისათვის გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ”კონსერვატიული დათვლებით” დღევანდელ აქციაზე 130 ათასმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა და არცერთ ექსცესს ადგილი არ ჰქონია. ოპოზიციის სხვა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მომიტინგეთა რაოდენობა 150 000 იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაახლოებით 25 ათასი ადამიანი მივიდა აქციაზე.

თუმცა, ის გაანგარიშება, რომელიც ეფუძნება ხალხის სიმჭიდროვეს და მომიტინგეების მიერ დაკავებულ ტერიტორიას, იმაზე მიუთითებს, რომ არც ერთი ეს მაჩვენებელი სანდო არ არის.

ხალხის ყველაზე დიდი სიმჭიდროვე შეინიშნებოდა პარლამენტის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე - დაახლოებით 8 000 კვადრატული მეტრზე. შედარებით დაბალი იყო სიმჭიდროვე ამ ტერიტორიის მიღმა. დღის 2-დან 4 საათამდე მომიტინგეების რაოდენობა დაახლოებით 50 000-დან 60 000-მდე იყო. საღამოსკენ მომიტინგეთა რაოდენობამ იკლო.

ევროკავშირის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ, რომელიც სხვა უცხოელ დიპლომატებთან ერთად მიმდინარე აქციას აკვირდება, მომიტინგეთა რაოდენობაზე კომენტარი არ გააკეთა.

კითხვაზე ეთანხმება თუ არა ის შსს-ს გათვლებს 25 000 მომიტინგის თაობაზე, მან უპასუხა: ”ამ ეტაპზე რაიმე შეფასებას ვერ გავაკეთებ. ჩვენ არ გვაქვს საფუძველი რაიმე ასეთი შეფასების გასაკეთებლად”.

ათასობით მომიტინგე შეიკრიბა ასევე ბათუმში, სადაც აქციას ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ოპოზიციური პარტია მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ხელმძღვანელობდა.

რეგიონებიდან, კერძოდ კი კახეთიდან, დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პოლიცია გზას უკეტავდა თბილისისკენ მომავალ მიკროავტობუსებს, რათა ხელი შეეშალა მომიტინგეების რეგიონებიდან ჩამოსვლისთვის. შსს-მ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

მომიტინგეთა ნაწილმა ლევან გაჩეჩილაძის და კიდევ რამდენიმე ლიდერის áƒ®áƒ”ლმძღვანელობით საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ გადაინაცვლა. ისინი პროტესტს გამოთქვამდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შესაბამისად არ აშუქებდა საპროტესტო აქციას. მომიტინგეებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვასთან, რომელთა შორის ასევე იყო საპატრულო პოლიციის უფროსი, áƒ®áƒáƒœáƒ›áƒáƒ™áƒšáƒ” შეხლა-შემოხლაც მოუვიდათ, თუმცა ინციდენტი მალევე აღმოიფხვრა და მოგვიანებით ოპოზიციის ლიდერები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასაც შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ აქციებზე გამოსული ხალხის დიდი რაოდენობის გამო პირველი არხი ოპოზიციური აქციების უფრო ფართოდ გაშუქებას და ლიდერებისთვის პირდაპირი ეთერის დათმობას დაპირდა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, ”რუსთავი 2” და ”იმედი” თავიანთ დღევანდელ საინფორმაციო გადაცემებში ინტენსიურად აშუქებდნენ საპროტესტო აქციას, ხოლო ტელეკომპანიები ”კავკასია” და ”მაესტრო” პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ მას.

Civil.Ge © 2001-2024