დემონსტრაციის ადგილზე მომხდარი ინციდენტი დაძაბულობას ზრდის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Apr.'09 / 18:45

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და პარტიის დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა მომიტინგეებს პარლამენტის წინ, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უჩვენა თავისი ”არაცივილური” ხასიათი.

”მე ვუთხარი ევროპელ დიპლომატებს გუშინდელი ინციდენტის შემდეგ: ”თქვენ გვეუბნებით, რომ დიალოგი ვაწარმოოთ ხელისუფლებასთან, მაგრამ სამწუხაროდ ხელისუფლება არ არის ცივილიზებული და დიალოგს ვერ გამართავ არაცივილიზებულ ხელისუფლებასთან... დიალოგი არ იქნება; იქნება მხოლოდ ერთი მოთხოვნა - პრეზიდენტ სააკაშვილის დაუყონებლივ გადადგომა,” - განუცხადა მან პარლამენტის წინ შეკრებილ ასობით მომიტინგეს.

ოპოზიციამ ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით 12 აპრილს აქციის შეწყვეტა გადაწყვიტა. თუმცა 11 აპრილს მომხადრი ინციდენტის შემდეგ ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერმა მოუწოდა მხარდამჭერებს კვირას 15:00 საათზე ისევ შეკრებილიყვნენ პარლამენტის წინ და ხანმოკლე აქცია გაემართათ.

11 აპრილს პარლამენტის წინ მომხდარი ინციდენტის დეტალები ჯერ კიდევ გასარკვევია. ოპოზიციის თქმით, 50-კაციანი ჯგუფი თავს დაესხა და დაარბია დემონსტრაციის ადგილი და აპარატურა გაანადგურა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თბილისის მერიამ განაცხადეს, რომ ინციდენტი ოპოზიციის აქტივისტებმა გამოიწვიეს, რომელთაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს.

”ეს არის უსინდისო áƒ¢áƒ§áƒ£áƒ˜áƒšáƒ˜,” - განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს ოფიციალურ ვერსიაზე კომენტირებისას, ”მე ჩემი საკუთარი თვალით ვნახე რაც მოხდა წუხელ ღამით. ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რომლებიც დასუფთავების თანამშრომლებთან ერთად მოვიდნენ, თავდასხმა განახორციელეს დემონსტრაციის ადგილზე და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ზოგიერთებს [ოპოზიციის აქტივისტებს]”.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 აპრილს დილით გამოაქვეყნა ვიდეოთვალით გადაღებული მასალის 10-წუთიანი ნაწილი, სადაც ასახულია პარლამენტის წინ მომხდარი ინციდენტის რამდენიმე სცენა. ვიდეომასალა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ნათელი სურათი შეიქმნას იმაზე, თუ რა მოხდა 11 აპრილს დაახლოებით 23:00 საათზე. ოპოზიციის ლიდერებმა მოსთხოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მათთვის ხელმისაწვდომი გაეხადა ყველა ვიდეოთვალით გადაღებული მასალა.

ეს იყო პირველი სერიოზული ინციდენტი, რომელიც 9 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქციების დროს მოხდა.

ოპოზიციის ლიდერები ორშაბათიდან საპროტესტო აქციების ”ახალი ტალღის” დაწყებას გეგმავენ, რომელიც პიკეტირებას და მოძრაობის ბლოკირებას ითვალისწინებს თბილისის სხვადასხვა უბნებში.

შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ განუცხადა ჟურნალისტებს ინციდენტის შემდეგ, რომ პოლიცია არ ჩაერევა.

”პოლიცია მაქსიმალურ თავშეკავებას იჩენს, ისევე როგორც მომიტინგეები, ამ დღეების განმავლობაში და პოლიცია არ ჩაერევა და დემონსტრაციებს რაიმე დაბრკოლებები არ შეექმნება მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დღე გაგრძელდება ის,” - განაცხადა მან.

პრეზიდენტი სააკაშვილი კვირას ტელევიზიით გამოჩნდა, რომლის დროსაც მან ცნობილი ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა; თავის გამოსვლაში იგი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს არ შეხებია.

Civil.Ge © 2001-2025