გიორგი თარგამაძე: სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა არარაციონალურია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Apr.'09 / 10:34

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გააფრთხილა საპროტესტო აქციებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები, რომ არჩეულმა ტაქტიკამ შესაძლოა მათი მარგინალიზაცია გამოიწვიოს.

15 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ”აქცენტები” საუბრისას გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა ”არარაციონალურია”. მისი თქმით, სიტუაცია ახლა სახიფათოა, და ოპოზიციამ, იმ შემთხვევაში, თუ ის პროტესტის მუხტის დაკარგვას იგრძნობს, შესაძლოა უფრო რადიკალური ნაბიჯები გადადგას. თარგამაძის თქმით, ეს სცენარი ხელისუფლების ინტერესებში შედის, რადგანაც თუ ამგვარად განვითარდება მოვლენები, ხელისუფლებას ექნება საბაბი, რათა ოპოზიციის წინააღმდეგ განახორციელოს ქმედებები, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო გააძლიერებს სააკაშვილის ძალაუფლებას.

”ეს არის ის გზა, რომელიც ასუსტებს ოპოზიციას და აძლიერებს სააკაშვილს,” - დასძინა მან.

გიორგი თარგამაძე 14 აპრილს მთელი რიგი ინიციატივებით გამოვიდა, რაც, მისი თქმით, დაეხმარება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგისთვის პირობების შექმნას. შვიდპუნქტიანი გეგმა მოიცავს სასამართლო სისტემას, საარჩევნო კომისიას, მედიას და სამართალდამცავ სტრუქტურებს, რაც, ქრისტიან-დემოკრატების თქმით, უნდა გახდეს წინაპირობა მოლაპარაკებების დასაწყებად.      

Civil.Ge © 2001-2024