საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამმა წევრმა თანამდებობა დატოვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Apr.'09 / 20:55

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დატოვა სამმა წევრმა - ირმა სოხაძემ, მარინა ვეკუამ და გიორგი ანჩაბაძემ და მიზეზად არხის მიერ ოპოზიციის საპროტესტო აქციების და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების არასრულყოფილად გაშუქება დაასახელა.

”ვაცნობიერებთ რა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, მიგვაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში ჩვენს ძალისხმევას არავითარი აზრი აღარ აქვს, რის გამოც ვტოვებთ სამეურვეო საბჭოს,” - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საბჭოს უკვე ყოფილმა წევრებმა საზოგადოებას გააცნეს.

ირმა სოხაძის განცხადებით, იგი ამ ნაბიჯით არ უერთდება ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო აქციებს, ”უბრალოდ საზოგადოების განწყობა იყო უარყოფითი, გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ არხის საშუალებით ვერ იგებენ სრულყოფილ ინფორმაციებს, რაც ხდება ქვეყანაში, რაც ჩემთვის მიუღებელია”.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ წევრების მიერ საბჭოს დატოვებას ”სამწუხარო” ფაქტი უწოდა, თუმცა განაცხადა: ”პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, ეს არის მათი პოზიცია”

”სამწუხაროა იმიტომ, რომ მიმაჩნია, ამ ერთი წლის განმავლობაში სამეუვეო საბჭომ ძალიან ბევრი რამე გააკეთა. შეიძლება იმდენი არა, რისი სურვილიც გვქონდა ჩვენ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მაინც ბევრი რამ გაკეთდა სასიკეთო საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის და ძალიან ვწუხვარ ჩემი კოლეგების ამ გადაწყვეტილების გამო,” - განაცხადა  გახელაძემ. 

იმავდროულად, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ დღეს საღამოს მიმდინარე აქციაზე ოპოზიციამ არხის გენერალური დირექტორის ლევან ყუბანეიშვილის გადადგომა მოითხოვა.

გასული წლის მაისში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ ერეკლე ტრიპოლსკიმ პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობა. მან გააკრიტიკა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი ”მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის” გამო. მოგვიანებით თავმჯდომარედ მისი მოადგილე ლევან გახელაძე იქნა არჩეული.

სამეურვეო საბჭოს 9-კაციანი შემადგენლობა პარლამენტმა გასული წლის თებერვალში áƒáƒžáƒáƒ–იციას და ხელისუფლებას შორის შემდგარი შეთანხმების შედეგად დაამტკიცა.

Civil.Ge © 2001-2024